Accessibility links

site logo site logo

შეშლილი მთვარეულის ისტორია


"ლუდვიგი" (1973, იტალია, გერმანია, რეჟისორი ლუკინო ვისკონტი)

ზაფხული გრძელი ფილმების ნახვის დროა. თუმცა ლუკინო ვისკონტის შედევრი მხოლოდ ზაფხულმა არ გამახსენა. მეტისმეტად ემთხვევა რაღაცები ბავარიის უკანასკნელი მეფის ტრაგედიას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისევ ვერ გაიაზრა წარსულის გაკვეთილები, ისევ აღმერთებს მკვდარ გმირებს და ისევ გულგრილია თავისივე ისტორიის ცოცხალი პერსონაჟის (სულერთია, კარგის თუ ცუდის) დაუძლურების, კვდომის, ფიზიკური თუ სულიერი განადგურების მიმართ.

"ლუდვიგი" იმ გერმანული ტეტრალოგიის ნაწილია, რომლის დასრულება დიდმა მაესტრომ ვერ მოასწრო. ფილმის პრემიერის შემდეგ ვისკონტი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 4 წელი იბრძოდა. პარალიზებულმა ორი შედევრი გადაიღო - „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“ და „უდანაშაულო“, თუმცა სწორედ „ლუდვიგი“ უნდა იყოს მაინც ვისკონტის ანდერძი, მისი ამოუწურავი ვნების, ისტორიის გააზრების ვნების გამოხატულება. ისტორიისა მორალის მიღმა, ისტორიისა როგორც ფაქტისა და როგორც გაცოცხლებული მითისა, რომელიც მუდმივად მეორდება. დიახ, "ლუდვიგი" ანდერძია, გამოხატული ვაგნერის ოპერების მასშტაბით - დასასრულია ესთეტიზმის და დიდი კულტურის, "რენესანსული კინოსი", რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი სწორედ ლუკინო ვისკონტი გახლდათ. ანდრე ბაზენი წერდა, ვისკონტი ყველაზე ვულგარულ სინამდვილეს ოპერის მიზანსცენის და კლასიკური ტრაგედიის იერს ანიჭებსო. თუმცა მაესტრო არა მარტო რენესანსული წესრიგით წარმოგვიდგენს დროს, არამედ იჭრება ისტორიის ყველაზე ღრმა ფესვებში, იქ, სადაც ადამიანი უძლურია რამე შეცვალოს. ბოლოს და ბოლოს, ვისკონტი თავად აღიარებდა კიდეც, რომ ფატალისტი იყო და უფრო მეტად „ბედის დრამატურგია“ აინტერესებდა, ვიდრე ხასიათები და ხასიათების დრამა.

ლუდვიგი 19 წლის იყო, როცა გვირგვინი დაიდგა. მეფე, რომელსაც თავი აღორძინების ეპოქის შვილი ჰგონია, ვერ ხედავს და არც აინტერესებს, თუ საით მიემართება ისტორია... ეს ვისკონტის თემაა, ეს მისი და მისი ოჯახის (ვისკონტების სასახლე თვით ჯოტომ გააფორმა) "პირადი თემაა" - როგორ ანგრევს „დიდი ისტორია“ ადამიანის ცხოვრებას. თავად ვისკონტის მგონი სიამოვნებასაც კი ანიჭებს მაშინდელი შეყვარებულის, ჰელმუტ ბერგერის ფიზიკური გახრწნის ჩვენება. თანაც, ალბათ მხოლოდ ვისკონტის შეეძლო, საეჭვო ნიჭის და შესაძლებლობების მსახიობი შექსპირის თეატრის ვარსკვლავად გადაექცია. ვისკონტი ბერგერში ხედავს თავის ესთეტიკურ იდეალს. მშვენიერი ჭაბუკის გახრწნის ჩვენება კი აღიქმება უფრო როგორც სილამაზის და სრულქმნილობის ფინალური დატირება. მორჩა დახვეწილი ფორმის ეპოქა. კულტურა ნგრევისკენ მიემართება. ზუსტად ისეთი სახით, როგორც ვისკონტის შემდეგ ფილმში „ოჯახის პორტრეტი ინტერიერში“, სადაც კულტურის ტაძარს, ხელოვნებათმცოდნე-პროფესორის ბინას მოულოდნელად შემოჭრილი ველურები ანგრევენ... „ანგრევენ“ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რას აკეთებს ვისკონტი? არა, წარსულს არ მისტირის. „მე შემიყვარდა ეს გაუზრდელი, თავხედი ოჯახი“, ასე ამბობს პროფესორი და ადგილს უთმობს ხვალინდელ დღეს, რომელიც, შესაძლებელია, დღევანდელზე უარესია, მაგრამ მხოლოდ იმიტომაა უკეთესი, რომ „ხვალინდელია“, სიცოცხლეა. შესაბამისად იცვლება ჰელმუტ ბერგერიც. თუკი „ლუდვიგში“ მისი პერსონაჟი უკვე დასრულებულ ეპოქას განასახიერებს, „ოჯახის პორტრეტში“ ბერგერის გმირი, კონრადი, ახალი დროის სიმბოლოა. ეს გარდასახვა მართლაც რომ ფანტასტიკურია!

იგივე შეიძლება ითქვას ელისაბედის როლის შემსრულებელზე, რომი შნაიდერზეც. სისის თითქმის კემპური სახე, რომელსაც რომი შნაიდერი აქამდე ქმნიდა, მთლიანად ინგრევა მის ელისაბედში. ეპიზოდი, როცა რომის გმირი ეწვევა თავის ბიძაშვილს, ოდესღაც მასში უგონოდ შეყვარებულ ლუდვიგს, ერთგვარი პასუხია, რომელსაც ვისკონტი თავის კრიტიკოსებს უგზავნის; წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ მაესტროს შემოქმედების პრობლემა... იუმორის დეფიციტია; ელისაბედი დაათვალიერებს ლუდვიგის აშენებულ სასახლეებს, თავს ვერ შეიკავებს და გადაიხარხარებს, ფაქტობრივად აღიარებს: "გაგიჟებულა! მეფე შეშლილია". ეს ფილმის ყველაზე მწარე ეპიზოდია, გადაღებული ერთი შორი ხედით. ვისკონტი უბრალოდ დასცინის თავის საყვარელ მეფეს (და საკუთარ თავსაც), რომელიც განდიდების მანიამ ჭკუიდან შეშალა.

ოთხი საათის განმავლობაში, როცა სახე და მუსიკა თანდათან ერთიანდება ფილმში (ლუდვიგი სახეა, ვაგნერი კი, რომელსაც მეფე აღმერთებს, მუსიკა). ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორ ახდენს მეფე მითის, როგორც საკუთარი ცხოვრების ინტერნალიზაციას. ლუდვიგი, უბრალოდ, წარმოიდგენს თავის თავს ვაგნერის გმირის სახით. ეს ტრაგიკული პროცესია, როცა ადამიანს იმდენად დიდი სურვილი აქვს გადაიქცეს ისტორიულ გმირად, იმდენად სტანჯავს განდიდების მანია, რომ საკუთარ სიცოცხლეს აღიქვამს თეატრის (ოპერის) სცენაზე... არა იმდენად იმიტომ, რომ აპლოდისმენტები სწყურია (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ უფრო იმიტომ, რომ დარჩეს ისტორიაში. არსებითად ასეც მოხდა - ლუდვიგ მეფეს, ამ მთვარეულ, არაამქვეყნიურ არსებას, დღეს ბავარიაში წარმოებულ „ბამბანერკებზე“ ვიხილავთ. ტრაგიკული გმირი გადაიქცა მასობრივი კულტურის საქონლად, სუვენირად! ოცნებობდა თუ არა ამაზე ბავარიის უკანასკნელი მეფე? ვფიქრობ, მას ესეც გაახარებდა.

მისი სამეფო ომობს, ის კი ამ ომს "სულელურს" უწოდებს. ხარჯავს ფულს ზღაპრული სასახლეების მშენებლობასა და ვაგნერის ოპერების გრანდიოზულ დადგმებზე. ლუდვიგი დარწმუნებულია, რომ "სილამაზე იხსნის სამყაროს"... და რა იქნებოდა ლუდვიგი, ომში რომ თავადაც ჩაბმულიყო და მერე ამ ომიდან დამარცხებული გამოსულიყო? ამას არ სჯობდა. გამიჯნოდა ომს ხელოვნებით? ასეც არ მოხდა? პაციფისტი იყო და ამიტომაც შეიყვარეს მასკულტურამ და "შოკოლადებმა"... როგორც არა მარტო ლამაზი, არამედ შეშლილიც.

ოფიციალურად ცნობილია, რომ ლუდვიგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ლუკინო ვისკონტი ამ ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებს. ლუდვიგი მოკლეს მისმა მინისტრებმა, მისმა ექიმებმა, მისმა ყოფილმა თანამოაზრეებმა... მთელმა საზოგადოებამ, რომელსაც არ სჭირდებოდა უპასუხისმგებლო, დაუძლურებული, უკბილო მეფე - ჭრელ-ჭრელი სასახლეებისა და ვაგნერის ოპერების მოყვარული.

ლუდვიგი დაავადებული ევროპის სიმბოლოცაა - იგი სნეულდება მაშინ, როცა ჭეშმარიტება შეცნობილია, როცა ადამიანი მითის პერსონაჟად იქცევა. ამის შემდეგ იგი მზადაა თავისი მძორი ბისმარკელებს, ულმობელ დროს დაუტოვოს. მას მომავალი შეაფასებს.

კი, ასეა, შოკოლადის ფილებზე ვიხილავთ მის სახეს. მაგრამ სხვა რამეც მოხდება - ლუდვიგს კინორენესანსის უკანასკნელი გენია ლუკინო ვისკონტი ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს მიუძღვნის კინოს ისტორიაში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG