Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, თუმცა მიზნად ნების ოკუპაცია აქვს -  კუბილიუსი და იუკნევიჩიანე


ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტიტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ერთობლივ განცხადებაში ისინი ყურადღებას ამახვილებენ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო დახმარება უნდა გასწიოს შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად.

"[აგვისტოს ომი] იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაგირება კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ხოლო კიდევ 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ...

წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

ამავე განცხადებაში საუბარია რუსეთის მიზნებსა და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე.

"რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფვოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც ჩნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში", - წერია განცხადებაში, სადაც ასევე მოწოდებაა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, გაერთიანდნენ, რათა შესრულდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის შემოთავაზებული 12 პირობა.

24 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG