Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ვიცი რას ნიშნავს" - კობახიძე კამპანიაზე "რუსეთს უნდა ომი და არა - დასავლეთს"


ფოტოკოლაჟი: ირაკლი კობახიძე და მეტროში გამოკრული ბილბორდი
ფოტოკოლაჟი: ირაკლი კობახიძე და მეტროში გამოკრული ბილბორდი

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში დასავლეთის მხრიდან ომის დაწყების სურვილზე "დისკუსია არ არის შესაძლებელი". ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, როცა ჰკითხეს რატომ გახდა ბანერების - "ომი უნდა რუსეთს და არა - დასავლეთს" შინაარსის ბანერების გამოკვრა.

"ბანერებზე, თუ არ ვცდები, წერია, რომ ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს. არ ვიცი, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს...

ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯაროდ. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ. მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, კითხვებზე პასუხები და არ პასუხები. საზოგადოებამ იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენი საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნებს", - თქვა კობახიძემ.

30 ივლისს "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" დაკვეთით თბილისის მეტროსადგურებში აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბილბორდები გამოჩნდა.

"2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ კამპანიას აქტუალური გზავნილით ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ წელს ამ ფაქტების შეხსენება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - აცხადებენ კოალიციაში.

კოალიციის „ინფორმაციის სანდოობისთვის“ წევრი ორგანიზაციის „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ თავმჯდომარის, გიორგი მელაშვილის განცხადებით კამპანია უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას შეახსენებს ვინ არის „საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე“ ამასთან ის მიემართება, ხელისუფლებასაც.

„მთელი რიგი პოლიტიკური ძალები ცდილობენ შემოაბრუნონ, გაგვაგიჟონ, თითსდა რომ საქართველოს მტერი ოკუპანტი სახელმწიფო. რუსეთი კი არ არის რომლის სამხედრობი დგანან აფხაზეთსა და ცხივალის რეგიონში, არამედ ჩვენი მოკავშირეები დასავლეთის ქვეყნები, სახელმოფები, რომელა კეთილ ნებაზე და ჩვენს სტატეგიიულ პარტნირობაზე არის თავიდან ბოლმდე დამოკიდებული ჩვენი, ჩვენი სახელმწიფოს და თითუელი ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება, ზუსტად ამის შეხვედება გვინდოდა ჩვენი თანამოქალაქეებსითვის“, - თქვა "TV პირველის" ეთერში გიორგი მელაშვილმა.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

XS
SM
MD
LG