Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ზაპოროჟიეს ხელმძღვანელმა უკანონო რეფერენდუმის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი


რუსეთის სამხედრო კოლონა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში
რუსეთის სამხედრო კოლონა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში

რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რეგიონის რუსეთში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე რუსული სააგენტოები "ტასსი" და "რია-ნოვოსტი" იუწყებიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ე.წ. სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ამ ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ შეუდგნენ მუშაობას, ხელი მოაწერეს საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ ბრძანებებს. კომისიების შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ რეგიონების პრორუსული ხელისუფლება ირწმუნება, რომ კანდიდატებად "ყველაზე აქტიური და არაგულგრილი" ადამიანები შეირჩევიან. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიები გამოყენებული იქნება რეგიონების რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ რუსეთი დაასამარებს უკრაინის ხელისუფლებასთან "მოლაპარაკების ნებისმიერ შანსს", თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას დაიწყებს.

მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონი აკვირდება რუსეთის გეგმებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის შესახებ და გააფრთხილა რუსეთი, რომ ეს მცდელობები მისთვის შედეგების გარეშე არ დასრულდება.

დღეისთვის რუსული ჯარები აკონტროლებენ ხერსონის რეგიონის თითქმის მთელ ტერიტორიას რეგიონული ცენტრის ჩათვლით და ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტს. ქალაქი ზაპოროჟიე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გათავისუფლდება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG