Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები მზად არიან, ააფეთქონ ზაპოროჟიეს დანაღმული ატომური ელექტროსადგური - "ენერგოატომი"

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინის სახელმწიფო საწარმო "ენერგოატომის" ცნობით, რუსი სამხედროები დანაღმული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"რუსები არ მალავენ თავიანთ გეგმებს და უკვე ღიად აშანტაჟებენ მთელ მსოფლიოს, აცხადებენ ზაპოროჟიეს აეს-ის დანაღმვისა და მისი აფეთქების მზადყოფნის შესახებ. თავის განცხადებაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარნიზონის მეთაურიცაა, თქვა ასეთი რამ: "აქ ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო", - ნათქვამია "ენერგოატომის" მიერ ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობის თანახმად, ვასილიევმა რუს ჯარისკაცებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ "სადგური ან იქნება რუსეთის, ან არავისი არ იქნება". ამასთან, უკრაინულ კომპანია "ენერგოატომს" არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და სად გაკეთდა ეს განცხადება.

გასულ კვირაში, უკრაინული კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

გაერო იმედოვნებს, რომ შეწყდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატეს“) სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სადგურზე ვითარების სტაბილიზაციისთვის მაგატეს ძალისხმევას, ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი იერიში თავისთავად თვითმკვლელობაა და იმედი მაქვს, ეს შეტევა შეწყდება და იმედი მაქვს, მაგატეს მიეცემა სადგურზე წვდომა“, - განაცხადა გუტერეშმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG