Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმიტომ დახვრიტეს, რომ ქართული დროშა არ შეურაცხყო!“- ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ 


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ორი დღეა 14 წლის წინ დაღუპული მებრძოლების ჭირისუფლები და პოლიტიკოსები ამოდიან. ძმათა სასაფლაო აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წელს დაარსდა, 2009 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა სასაფლაოს მემორიალი. დღეისთვის აქ 45 სამხედრო პირია დაკრძალული.

მურაზ რომელაშვილი უკვე თოთხმეტი წელია ყოველ 8 აგვისტოს, მუხათგვერდში ჯერ ერთი შვილის საფლავზე ანთებს სანთელს, მერე - მეორისაზე.

მურაზ რომელაშვილი, გელა და გიორგი რომელაშვილების მამა: „კაცურად წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მეორე მხრივ, მე მიჭირს, ჩემს გვერდით რომ არ არიან. ადამიანს რაც უფრო ემატება წელი, მით უფრო სჭირდება შვილი“.

ძმები რომელაშვილები ტანკისტები იყვნენ. ცხინვალთან დაიღუპნენ. გიორგი დღემდე დაკარგულად ითვლება, მისი ნეშტი არ უპოვიათ.

ძმათა სასაფლაოზე ზოგან ცხედრის მხოლოდ ნაწილია დაკრძალული, ანუ ის, რაც ნეშტისგან გადარჩა, ზოგან კი არაფერი.

33 წლის ოთარ სუხიტაშვილის სახელი და გვარიც სიმბოლურ საფლავს აწერია. ისიც ცხინვალში დაკარგული ტანკისტებიდან ერთ-ერთია. გორის სატანკო ბრიგადაში მსახურობდა.

ქეთევან სუხიტაშვილი
ქეთევან სუხიტაშვილი

ქეთევან სუხიტაშვილი, ოთარ სუხიტაშვილის დედა: „ჩემი შვილი რომელაშვილებთან და ზაზა ბირთველაშვილთან ერთად დაიკარგა, ტანკიც კი ვერ იპოვეს. რადგან მკვდარი არ მინახავს, ერთი პროცენტი მაინც მაქვს იმედი, რომ ცოცხალია. ეს ერთი შვილი მყავდა, ჩემი სუნთქვაც ეგ იყო და გულისცემაც. მეგონა, ვერ გავუძლებდი, ჩემს შვილს არ მოეწონებოდა, მხრებჩამოყრილი, გასაცოდავებული რომ ვყოფილიყავი. ამაყი შვილი მყავდა და მე რატომ უნდა დავიბეჩავო თავი“.

ოთარის შვილიც ჯარისკაცია, ავღანეთშიც იყო. არ დამიშლიაო - ამბობს ქეთევანი: „ავღანეთში არ წასულან, მაგრამ სოფელში იმდენი ახალგაზრდა დაიღუპა, ზოგი ავარიით, ზოგი კიდევ რით. ყველას თავის ბედი აქვს...

ჩემს შვილს ქეიფი უყვარდა. მისი ძმაკაცები, 5-6 ბიჭი, ლუკმას არ შეჭამდნენ ერთმანეთის გარეშე. ჩვენთან რომ მოდიოდნენ, სულ ცხინვალში შესვლაზე ლაპარაკობდნენ, მტკაველს არავის დავუთმობთო. ჩვენ კარალეთიდან ვართ. ომამდე მაღაზია გვინდოდა თუ ბაზარი, ცხინვალში დავდიოდით.

ამ ბიჭებიდან ახლა ერთიღა დარჩა ცოცხალი, დანარჩენები ან ომში დაიღუპნენ, ან ჭრილობებისგან. ის ერთიც ამას წინათ ტიროდა, დამტოვეს ძმაკაცებმა, მეც მათთან მინდა წასვლაო“.

კაპრალი სერგეი გოროზია 20 წლის იყო, აგვისტოს ომი რომ დაიწყო. აფხაზეთში დაბადებული ბიჭისთვის ეს ბოლო და საბედისწერო ომი გამოდგა. 7 აგვისტოს სახლში დარეკა, მშვიდობაა, კარგად ვართო. მშობლებს სთხოვა, სანთელი დაანთეთ და საინფორმაციოს უყურეთო, მომიყევით, რასაც იტყვიანო. ამის მერე ვეღარ დაუკავშირდნენ. სერგეი 8 აგვისტოს ცხინვალთან დაიღუპა. მისი ცხედრის გადმოსვენება მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლეს.

მზია გოროზია
მზია გოროზია

„კითხვა მაქვს, რატომ არ გვაღირსეს ჩვენი მიცვალებულები მაშინ, როცა ასეთები იყვნენ, როცა მათი ამოცნობა შეიძლებოდა“, - ამბობს სერგეის დედა მზია გოროზია და ჟურნალისტებს ფოტოებს უჩვენებს. ფოტოებზე მისი შვილის ცხედარი მიწაზე, სისხლის გუბეში გდია. - „კისრისტეხით რომ გამოიქცნენ, რომ მიატოვეს. მერე [მოწინააღმდეგე მხარემ] დამარხა საერთო საფლავში და ნოემბერში უკვე პატრიარქმა გადმოასვენა“.

პატრიარქ ილია მეორის ჩარევის შედეგად, 2008 წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ომში დაღუპული 42 ადამიანი გადმოასვენეს. წითელი ჯვრის მონაცემებით, დღემდე დაკარგულად ითვლება 34 ადამიანი.

24 წლის შმაგი სოფრომაძე პირველი ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეულში იბრძოდა, უმცროსი სერჟანტი იყო.

თეა ტაბატაძე, შმაგი სოფრომაძის მეუღლე: „რვაში ტყვედ ჩავარდა. თავიდან დაკარგული გვეგონა, მაგრამ მერე თავად ოკუპანტებმა გაავრცელეს ვიდეოები. ვიფიქრეთ, გადაცვლიდნენ, თუმცა, მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა.

ჩემი მეუღლე იმიტომ დახვრიტეს, რომ ქართული დროშა არ შეურაცხყო!

მაშინ პატარა ბავშვი წლინახევრის იყო, უფროსი - სამის. უფროსს ჰგონია, რომ ახსოვს მამა, მაგრამ სინამდვილეში არ ახსოვს. ჩემთვის ეს იმხელა ტრავმაა, ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. მხოლოდ მაშინ ვიხსენებ, როცა მასზე ბავშვებს ვესაუბრები.

ყოველთვის ღირსეული იყო. ვიცოდი, რომ განსაკუთრებულ ადამიანს მივყვებოდი ცოლად“.

თბილისის საკრებულოს 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების სახელები მიენიჭება. მათ შორის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს.

„ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიხარია, რომ გიორგის სახელს ბევრი ადამიანი წაიკითხავს“, - ამბობს მაკა ჩიკვილაძე, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

ამ დრომდე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მებრძოლების სახელები უკვე 27 ქუჩისთვის ჰქონდა მინიჭებული, დღეიდან ამ სიას კიდევ 15 ქუჩა შეემატება. კომისიაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG