Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თუ „ქართული ოცნება“ ხარ და ქვეყნის ბედი გაღელვებს, ოპოზიციას უნდა უთხრა: ვიცით, რომ გძულვართ. მაგრამ..." - დენიელ ფრიდი


დენიელ ფრიდი, 2008 წლის ომის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
დენიელ ფრიდი, 2008 წლის ომის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

"თუ საქართველო მორიგ ავტორიტარულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნად იქცევა, ჩვენი ურთიერთობებიც გარდაუვალად უფრო აღებ-მიცემობის პრინციპებს დაეფუძნება”, - უთხრა ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა რადიო თავისუფლებას გრძელ ინტერვიუში, რომელიც საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ვითარების განხილვის გარდა აგვისტოს ომის მიზეზებსა და შედეგებზე გულახდილ საუბარსაც მოიცავდა.

ინტერვიუს პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ.

რადიო თავისუფლება: „იფიქრეთ ქვეყანაზე“ - ასეთი რჩევა მიეცით "ქართულ ოცნებას" 2021 წელს. როგორ ფიქრობთ, ითვალისწინებენ თქვენს რჩევას?

დენიელ ფრიდი: არა მგონია. ვკითხულობ რეპორტებს, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობა უტევს ამერიკის ელჩს, რომელიც თითქოსდა, მათი აზრით, საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციაში ითრევს. მართლა? სერიოზულად? მე მესმის, რომ საქართველო მოწყვლადია. მესმის, რატომ შეიძლება არ იყოს კომფორტული საქართველოსთვის, იარაღი გაუგზავნოს კიევს. ეს ყველაფერი მესმის. მაგრამ საქართველოს შეუძლია უფრო მკაფიოდ დააფიქსიროს სად, ვისთან ერთად დგას. ამას გარდა, რუსეთს ახლა საქართველოსთვის არ ცხელა. ამისთვის საკმარისი ძალები აღარ ჰყავთ.

რადიო თავისუფლება: დღეს შეიძლება არა, მაგრამ ხვალ?

დენიელ ფრიდი: მართებული შენიშვნაა. მაშინ, თუ „ქართული ოცნება“ ხარ და თუ შენი ქვეყნის ბედი გაღელვებს, ოპოზიციასთან კონტაქტზე უნდა გახვიდე, უნდა უთხრა, რომ მზად ხარ მათთან თანამშრომლობისთვის. უნდა უთხრა: ვიცით, გვესმის, რომ გძულვართ. მაგრამ ქვეყნის დასაცავად ახლა ერთად მოგვიწევს რაღაცების კეთება. ეს მნიშვნელოვანია. ქართველებმა იმისთვის იბრძოლეს 2008 წელს, იმისთვის გადაარჩინეს საკუთარი ქვეყანა, რომ ერთ დღეს ამ ქვეყანას უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი ჰქონოდა, რათა მიეღწია იმისთვის, რისი მიღწევაც ქართველებს სურთ - ინტეგრაცია დიდ ევროპაში. სიძლიერე საშინაო ფრონტზე - და მე აქ არ ვგულისხმობ სამხედრო სიძლიერეს, არამედ თავისუფალი საზოგადოების, ინსტიტუციების სიძლიერეს, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ამ ყველაფერს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისათვის. პუტინის რუსეთის მომავალი ბუნდოვანია. საქართველო მზად უნდა იყოს რუსეთის ზეწოლის გაძლიერებისათვის, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ უკეთესი მომავლის შანსი მიეცემა, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების გატარება და ხალხთან ლაპარაკი. სააკაშვილის ციხეში ყოფნა ამ ვითარებას არ ეხმარება. პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საქმეს წაადგეს. მაგრამ ვეჭვობ, რომ მას არ აქვს [რეალური] ძალაუფლება. თუმცა, პატივს სცემენ. უნდა გამოიძებნოს სხვა გზა - გარდა მტრობისა, კონფრონტაციისა. განა სწორედ კონფრონტაციის გამო არ გადაირჩია ქართველმა ხალხმა სააკაშვილიც?

რადიო თავისუფლება: ელჩზე თავდასხმის თემაზე მინდა ჩაგეძიოთ. ამ გაჩაღებულ ტალახის სროლაში, რამდენად დიდია რისკი რეალური გაუცხოებისა ორ პარტნიორს შორის?

დენიელ ფრიდი: საქართველოსა და ამერიკას შორის? საქართველოს მთავარი აღთქმა ამერიკისთვის ასეთი იყო: ჩვენ დემოკრატია ვართ, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენებულ ქვეყნებს სჭირდებათ, [რათა დემოკრატიად იქცნენ], სერიოზულად ვართ განწყობილი. და ეს მძლავრი არგუმენტი იყო [ამერიკისთვის]. შესაბამისად, ამერიკამ დიდი დრო და ენერგია ჩადო საქართველოს დახმარებაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს დიდი დროა - ეს პროცესი თაობებია, გრძელდება და დიდი პროგრესიც გვაქვს. მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში, თუ საქართველო მორიგ ავტორიტარულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნად იქცევა, ჩვენი ურთიერთობებიც გარდაუვალად უფრო აღებ-მიცემობის პრინციპებს დაეფუძნება.

რადიო თავისუფლება: არსებობს თუ არა საფრთხე, რომ საქართველო ამერიკისთვის ე.წ. „მიტოვებულ პროექტად“ იქცეს? - ვცადეთ დემოკრატია, არ გამოვიდა, გავიარეთ.

დენიელ ფრიდი: არ ვიტყოდი მიტოვებულს, მაგრამ თუ ვერაფერს ვიღონებთ, უბრალოდ მოგვიწევს ჩვენი მოლოდინების თამასა დაბლა დავწიოთ საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოს [ამ სცენარზე] უკეთესი მომავალი ექნება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG