Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ბინაში


მარინა ოვსიანიკოვა სასამართლოს სხდომაზე.
მარინა ოვსიანიკოვა სასამართლოს სხდომაზე.

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ბინაში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ მან თავად განუცხადა საინტერნეტო გამოცემა OVD-Info-ს.

ოვსიანიკოვას ადვოკატის, დიმიტრი გრაბატოვის განცხადებით, სამართალდამცავები მის მისვლას არ დაელოდნენ და სახლში შეიჭრნენ. ადვოკატი უკვე გაემგზავრა ჩხრეკის ადგილას. მისივე თქმით, ძიება მიმდინარეობს მუხლით "რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესახებ."

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია გამართა პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დააკავა.
კერძოდ, ოვსიანიკოვამ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო კრემლის ფონზე პლაკატით - „პუტინი მკვლელია“. პლაკატზე ეწერა ასევე უკრაინაში ბავშვების სიკვდილის შესახებ. მაშინ ის არ დაუკავებიათ.

ამის შემდეგ რუსეთის სასამართლომ სამჯერ დააჯარიმა მარინა ოვსიანიკოვა. პირველად მას 30 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა "გაუფრთხილებლად საჯარო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარების" გამო.

ივლისში პოლიტიკოს ილია იაშინისთვის აღკვეთის ღონისძიების არჩევის დროს ბასმანის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისთვის, სასამართლომ ოვსიანიკოვას 50 ათასი რუბლის გადახდა დაავალა. იგი დამნაშავედ ცნეს არმიის დისკრედიტაციაში. შემდეგ ოვსიანიკოვამ ომს "XXI საუკუნის ყველაზე საშინელი დანაშაული" უწოდა."

იმავე ბრალდებით, ამჯერად ფეისბუკპოსტის გამო, 8 აგვისტოს სასამართლომ ოვსიანიკოვა 40 ათასი რუბლით დააჯარიმა.

კანონები ყალბი ინფორმაციების (ფეიკების) გავრცელებისა და არმიის დისკრედიტაციის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სამხედრო შეჭრიდან მალევე მიიღო. ყალბი ცნობების გავრცელება ისჯება 15 წლამდე პატიმრობით. ჯარის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, დანაშაულის განმეორებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG