Accessibility links

site logo site logo

ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთს (ჟენევაში) აღარ უნდა - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?


უკრაინაში შეჭრისა და ომის გაჩაღების ფონზე, რუსეთი აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო საერთაშორისო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და ჟენევის 56-ე რაუნდის დაგვიანებას რეგიონში არეულობის ხელშეწყობად თვლის.

ამ თემაზე ბოლო პერიოდში, რუსეთიდან თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა და ექსპერტები ამ ორკესტრირებული ძალისხმევის უკან კრემლის კონკრეტულ ზრახვებს ხედავენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გატანილი საკითხების განხილვა რუსეთს, წესით, არ უნდა ეჩქარებოდეს, რადგან რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ის უკვე 14 წელია, ათეულობით რაუნდის განმავლობაში ეწინააღმდეგება. რუსეთი პერმანენტულად უარს აცხადებდა საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების პირობის დადებაზე და ახლაც საკუთარი პირობებით ითხოვს მოქმედებას.

ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 8 თვის წინ გაიმართა, უკრაინაში ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე.

  • რაში დასჭირდა რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხის გააქტუალურება?
  • რაზე მიანიშნებს რუსეთში გაკეთებული განცხადებები?

„ჟენევის მოლაპარაკებები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა“, - წერია განცხადებაში, რომელიც ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სახელით გამოქვეყნდა. ის დასავლეთს ჟენევის დისკუსიებისთვის სახიფათო ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს და შეხვედრების ადგილის შეცვლასაც ითხოვს.

ზახაროვას ლოგიკით: უკრაინაში სპეცოპერაციის წამოწყების გამო, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული „არალეგალური სანქციები“ და ვიზებსა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებული „შემზღუდველი ზომები“ ხელს უშლის ჟენევაში ჩასვლის შესაძლებლობას.

„დასავლელი პარტნიორები ცალმხრივად ცვლიან „თამაშის წესებს“ და თავად ააქტუალურებენ საკითხს რეგულარული შეხვედრების ჟენევიდან მონაწილეებისთვის უფრო მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას გადატანის შესახებ“, - წერს მარია ზახაროვა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისთვის მიძღვნილ განცხადებაში და იქვე იმუქრება კიდეც, რომ „ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა და გამოწვეული შედეგები“ დასავლეთს დაეკისრება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი 2021 წლის დეკემბერში გაიმართა და მაშინვე, 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა; თუმცა ამ დრომდე არ გამართულა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ; ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან - ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.
ერთი ჯგუფი განიხილავ უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე, სხვა ჰუმანიტარული პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

9 აგვისტოს, მედიაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის ბრალდებებიც გამოჩნდა. ისიც ფიქრობს, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია განზრახ ცდილობენ მოლაპარაკებების ჩაშლასა და, შესაბამისად - ხიფათის ინსპირირებას.

„ეს უკიდურესად სახიფათოა, რადგან შეიძლება წინასწარ განზრახული პროვოკაციები გამოიწვიოს“, - თქვა კარასინმა. სხვადასხვა დროს ის ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივად მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებას თვლიდა.

ხომ არ უთხრა კარასინმა აბაშიძესაც?

„ამ თემაზე ჩვენ არ გვქონია საუბარი. ამ თემაზე არ მქონია კონტაქტი“, - ასე უპასუხა კარასინის განცხადებასთან დაკავშირებულ რადიო თავისუფლების შეკითხვას, 10 აგვისტოს, ზურაბ აბაშიძემ, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

ზურაბ აბაშიძემ ასევე ვერ დაგვიკონკრეტა, თუ როდის ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია გრიგორი კარასინთან - გვითხრა, რომ ზეპირად არ ახსოვს, ხოლო გადამოწმების საშუალება მოცემულ მომენტში არა აქვს. თუმცა მან გვითხრა, რომ „ორ კვირაზე მეტი იქნება გასული“. მანამდე, აბაშიძემ კარასინთან საუბარი რადიო თავისუფლებას მაისში დაუდასტურა. დღეს გვითხრა, რომ ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული კარასინთან პირისპირ შეხვედრაზე.

რა პოზიცია აქვს თბილისს? რა არის ცნობილი მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის პერსპექტივების შესახებ?

რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია ამ ეტაპამდე ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო და ვერც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან.

ინტერნეტში იძებნება ცნობები იმის შესახებ, რომ ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აპრილში შეხვდა და მსჯელობისას, ჟენევის მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი.

Сivil.ge-ს ცნობით, თბილისში ჩამოსულმა ტოვიო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის „გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“ და რომ ასევე, „მნიშვნელოვანია დისკუსიების ჟენევაში განახლება“.

გაეროს ოფიციალურ გვერდზე 30 მაისით თარიღდება განცხადება იმის შესახებ, რომ თავად გაერო, ევროკავშირი და ეუთო 56-ე რაუნდისთვის მომზადებას ცდილობენ.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) თანათავმჯდომარეები - გაეროს წარმომადგენელი, ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ვიორელ მოშანუ და ევროკავშორის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი 30 მაისიდან მართავენ კონსულტაციების რაუნდს GID-ის ყველა მონაწილესთან. ეს კონსულტაციები, პირველ რიგში, მიზნად ისახავს მოსაზრებების გაცვლას ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებს უკავშირდება და, ასევე [კონსულტაციების მიზანია] თანათავმჯდომარეებს მიეცეთ მონაწილეთა პოზიციების ყოველმხრივი აღქმის შესაძლებლობა. ისინი ასევე კონცენტრირებული იქნებიან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის ვადებსა და პირობებზე“.

  • თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ 31 მაისს იტყობინებოდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება და, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამავე დღეს გაიმართა შეხვედრა ცხინვალშიც.
  • რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებმა ივნისში გამართეს ვიდეოკონფერენცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდენკოსთან და ეძებდნენ გზებს მომავალი რაუნდის დასაგეგმად. რუდენკომ კი ისინი ცალმხრივ მოქმედებებსა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.

სად უნდა ჟენევის ფორმატის გადატანა რუსეთს და სად ეგულება ის „ნეიტრალური“, „მისაღები“ ადგილი?

ჯერჯერობით ადგილი არ კონკრეტდება, მაგრამ, ჩანს, რომ იდეა სპონტანურად წამოსროლილი არ არის და მასზე საკმაოდ დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას ჯერ კიდევ 13 ივლისს უთქვამს, რომ საჭიროა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა და ყველასათვის ხელსაყრელი ადგილის გამონახვა;
  • „ამჟამინდელ პირობებში ობიექტურად ჩნდება საჭიროება ჟენევიდან შეხვედრების ყველა მონაწილეებისთვის უფრო მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას გადატანის შესახებ“, - ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ ივნისში ნათქვამი სიტყვებია.

რას ცდილობს რუსეთი?

რადგან ჟენევის მოლაპარაკებების ხელშემშლელ პირობებში რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს, ხოლო ამ სანქციების უახლოეს პერიოდში მოხსნის პერსპექტივა არ ჩანს, ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმასა და ყველა საერთაშორისო ვალდებულების განულებას ცდილობს.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს არ გაუკვირდება, თუკი შემდეგი განცხადებებით რუსეთი უკვე ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატიული ფორმატის შექმნასაც მოითხოვს - დასავლელი პარტნიორების გარეშე, „რაც მისი დიდი ხნის სურვილია“.

„ასეთი განცხადებებით რუსეთი ცდილობს, რომ ქართულ საზოგადოებრივ განწყობებზე ითამაშოს და გავლენა მოახდინოს. რუსეთი ამ განცხადებებით ფაქტობრივად ამბობს - აი, ხომ ხედავთ, რას აკეთებს დასავლეთი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში გვიშლის ხელს და ე.ი. დასავლეთი დაინტერესებულია დესტაბილიზაციით ამ რეგიონშიც...

შემდეგ, რუსეთმა შეიძლება გვითხრას - მოდით, ვილაპარაკოთ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე და აქ, საქართველოში პრორუსული პარტიები მოგვახვევენ ამას თავს - აი, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და თქვენ აღიზიანებთო... რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილის გამოხატვით მხოლოდ ილუზიის შექმნას ცდილობს, რადგან ყველამ დაინახა, რომ მას მშვიდობა არ უნდა“, - გვეუბნება გობრონიძე.

ექსპერტების შეფასებით, ახლა, ამ ეტაპზე ქართული მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს მონდომებული, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ჩატარდეს და, ამავე დროს, ჩატარდეს საქართველოსთვის მომგებიანი პოზიციებით.

ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ყოფილი პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების რიტორიკას იმის შესახებ, რომ დასავლეთში „გარკვეულ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ.

„ჩვენ ახლა, პირიქით, უნდა გამოვდიოდეთ და ვყვიროდეთ, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა კი არ უნდა, არამედ დასავლეთი არის მშვიდობის გარანტი და რომ არა დასავლეთი, რუსეთი ათჯერ დაიპყრობდა აქამდე საქართველოს... სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ახალისებს რუსეთს ავანტიურისაკენ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ახლა არის - მოდით და დაგვიპყარით“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ომი საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას“, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა და ომბუდსმენს უნდათ; ხოლო თავად „ქართული ოცნება“ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს.

ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ ჟენევის ფორმატის უმოქმედობასა და უშედეგობაზე, რადგან უკვე მრავალი რაუნდის გამართვის მიუხედავად, ვერაფრით მოხერხდა რუსეთის დაყოლიება, დადოს იურიდიულად დამავალდებულებელი პირობა საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ. საქართელოს ასეთი პირობა 2010 წელს ცალმხრივად აქვს დადებული და მას შემდეგაც - მრავალჯერ გაიმეორა.

რუსეთი ჟენევაშიც მუდმივად მოითხოვდა და, ბოლო ცნობებით, კიდევ უფრო გააძლიერა რიტორიკა, რომ თბილისმა ძალის არგამოყენების შეთანხმება არა მასთან, არამედ ოკუპირებულ რეგიონებთან უნდა გააფორმოს და დაიწყოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG