Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლება თუ პრივილეგია - რუსეთის როგორ მოქალაქეს უნდა შეეხოს სავიზო შეზღუდვები?


რუსეთის ფედერაციის პასპორტი
რუსეთის ფედერაციის პასპორტი

კიევი ითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვან, რათა მათ იწვნიონ უკრაინაში შეჭრის საფასური და ისწავლონ საზღვრების პატივისცემა. რუსეთის მოქალაქეები არასასურველი სტუმრები ხდებიან ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში.  

„რომელ რუსებზეც არ უნდა იყოს საუბარი, დააბრუნეთ ისინი უკან რუსეთში“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 აგვისტოს, The Washington Post-თან ინტერვიუში და ამ ხმაურიან განცხადებას ფართო საერთაშორისო დისკუსია მოჰყვა. საქართველოში კი გაჩნდა შეკითხვა - თუ სხვაგან კარს დაუკეტავენ, ხომ არ მოაწყდება ქვეყანას რუსი ტურისტების კიდევ უფრო დიდი ნაკადი?

იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან...

უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ, კიევიდან აქტიურად მოუწოდებენ ევროკავშირსა და „დიდი შვიდიანის“ (G7)-ის ქვეყნებს, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. 10 აგვისტოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს „საერთაშორისო საზღვრები“ მანამდე, ვიდრე ისინი „მათ პატივისცემას ისწავლიან“.

11 აგვისტოს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრი ერმაკის მოწოდებაც გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებს ისიც მხოლოდ იზოლაციაში - „საბჭოთა კავშირის“ ახლებურ საზღვრებში ხედავს.

„სსრკ-ს [საბჭოთა კავშირის] ნამდვილი მკვიდრი იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან. რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. მოდით, დავეხმაროთ რუსებს აღადგინონ დაკონსერვებული საბჭოთა კავშირი თავიანთ საზღვრებში“, - წერს ერმაკი.

გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო თემასაც განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში, როცა ისინი აგვისტოს ბოლოს შეიკრიბებიან. ამის შესახებ 10 აგვისტოს „დოიჩე ველეც“ იტყობინებოდა.

საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ ივლისში ვრცელდებოდა ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებს და შესაძლებელია, რომ შეზღუდვები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად დააწესონ.
„ყოველთვის არის ადამიანების ჯგუფი, რომელზეც ვიზების გაცემა აუცილებელია. ეს შეეხება ჰუმანიტარულ შემთხვევებს, [ევროკავშირის მოქალაქეების] ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს, დისიდენტებს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა.

რუსეთის მოქალაქეები არასასურველი სტუმრები ხდებიან ევროკავშირისა თუ კონტინენტური ევროპის სულ უფრო მეტ სახელმწიფოში:

  • ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა 2022 წლის 24 თებერვალს შეაჩერა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს. ვიზები გაიცემა მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქის მეუღლისთვის და არასრულწლოვანი შვილისთვის.
  • ლატვიამ ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვნად შეზღუდა ვიზების გაცემა, თუმცა 4 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება „გაურკვეველი დროით“ შეჩერების შესახებ და ერთადერთ გამონაკლისად ახლო ნათესავის დაკრძალვის შემთხვევა დაასახელა.
  • ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა თითქმის სრულად შეაჩერა ჯერ კიდევ მარტში და ივლისის ბოლოდან ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა, როცა შეუძლებელი გახდა სასწავლო ვიზების აღებაც. 11 აგვისტოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ საზღვარს დახურავენ მათთვისაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული ვიზები უკვე აქვთ.
  • ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ასევე უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეს, 24 თებერვალს, შეაჩერა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის ქალაქებში საკონსულოების დროებით დახურვის შესახებ. ივლისის ბოლოს პრაღამ გამოაცხადა, რომ ვიზების გაცემას შეწყვეტს, სულ მცირე, 2023 მარტამდე. გამონაკლისია ვიზები ჰუმანიტარული მიზნებით.
  • ბელგიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა 1 ივლისიდან „გაურკვეველი დროით“ შეაჩერა. ვიზები გაიცემა მხოლოდ სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და ევროკავშირის წევრთა ოჯახის წევრებისთვის.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სავიზო შეზღუდვაა დაწესებული - დანიის, მალტის, ჰოლანდიის, სლოვაკეთისა და ნორვეგიის მიერ. ვიზების გაცემის აკრძალვა მისაღებია ფინეთისთვისაც და ამ ქვეყნის ხელისუფლება ევროპელებს ერთიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის რეზონანსულ საკითხს, რამაც მოსკოვში საგრძნობი შეშფოთება გამოიწვია, მოწინააღმდეგეები ევროპაშიც ჰყავს. მაგალითად, 11 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ძნელად წარმოუდგენია ვიზების გაცემის შეწყვეტა რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის, რადგან, მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი „ეს პუტინის ომია“ და თუკი სანქციები დაწესდება რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, „მაშინ ეს მათ [სანქციების] ეფექტიანობას შეასუსტებს“.

ყველასთვის, თუ მხოლოდ პუტინის მომხრეებისთვის?

ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის ყველა მოქალაქის გაძევებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებები მოჰყვა.

პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებმა მისი სიტყვები სასტიკი ომით შექმნილი მძიმე ემოციური ფონით ახსნეს და დააკონკრეტეს, რომ შეზღუდვები არ უნდა შეეხოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი რისკების ფასად, ყოველმხრივ ებრძვიან პუტინის დიქტატურასა და საომარ გეგმებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაშია, იმიტომ რომ რუსები სხვას მიწას ართმევენ... თავიანთ სამყაროში უნდა იცხოვრონ, სანამ არ შეიცვლიან ფილოსოფიას, - თქვა ზელენსკიმ.
ასევე მისი სიტყვებია: რომელ რუსებზეც არ უნდა იყოს საუბარი, დააბრუნეთ ისინი უკან რუსეთში. მერე გაიგებენ, მერე იტყვიან: ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ომთან. მთელი ერი ვერ იტვირთავს პასუხისმგებლობას, ხომ ასეა? იკისრებს. ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება, არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ უყვირის მას.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ აღნიშნავს, რომ ძალიან გამაღიზიანებელია რუსეთის მოქალაქეების კომფორტული ევროპული არდადეგების ხილვა მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომის მიმდინარეობს და როცა „თავხედი რუსი ტურისტები“ ევროკავშირსაც ემუქრებიან - „თქვენც მუხლებზე დაგაყენებთო“.

ამ მოცემულობის მიუხედავად, პოდოლიაკი რუსეთის მოქალაქეებისგან მაინც გამოყოფს „უკრაინის მხარეს მყოფ“ 20%-ს და აცხადებს, რომ მათ მიმართ მიდგომა ლოიალური უნდა იყოს; განსხვავებით პუტინის მომხრე რუსების 80%-ისა, რომლებიც ჯერჯერობით „თავისუფლად ისვენებენ ევროპაში და მაღაზიებში დადიან“.

„მე ყოველი ადამიანის შეფასებისას, მათი ნამოქმედარის მიხედვით, ინდივიდუალური მიდგომის მომხრე ვარ“, - ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს და დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლას პრივილეგიას უწოდებს.

„რუსეთის არცერთი მოქალაქის უფლებას არ წარმოადგენს დასვენება თავისუფალ სამყაროში. ეს არის პრივილეგია, განსაკუთრებით დღეს.

ამავე დროს, საჭიროა მათი წახალისება, რომლებიც გაურბიან პუტინის დიქტატურას, განსაკუთრებით მათი, ვისაც სურს იბრძოლოს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის რუსეთში საზღვარგარეთიდან“.

ხომ არ წამოვლენ საქართველოსკენ?

ეს შეკითხვა საქართველოში მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში გააქტიურდა საერთაშორისო დისკუსიები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტის შესახებ.

საკითხი საგანგებო ყურადღებას იქცევს იმის გათვალისწინებით, რომ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსი ვიზიტორების რიცხვი და ბოლო თვეებში ვიზიტორებს შორის რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ. ბოლო დროს საქართველოში გაჩაღდა დისკუსია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებაც.

ტურიზმის ექსპერტი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი არ მოელის, რომ რუსეთის მოქალაქეები, ევროკავშირში არშეშვების შემთხვევაში, პირდაპირ საქართველოსკენ წამოვლენ. მისი აზრით, ეს სეგმენტი ძირითადად „თურქეთსა და დუბაის დაემატება“, რადგან ფინანსურად შედარებით შეძლებული სეგმენტია, რომელიც ისედაც არ ისვენებს საქართველოში.

„დღეს საშუალოსტატისტიკური რუსეთის მოქალაქე მაინც ვერ ახერხებდა განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩასვლას“, - გვეუბნება ასათაშვილი და მიზეზებს შორის, ფინანსების დაზოგვის გარდა, ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთთან ავიარეისების შეზღუდვასაც ასახელებს. რაც შეეხება ე.წ. მაღალბიუჯეტიანი რუსი ტურისტების ნაკადის ზრდას საქართველოში, ასათაშვილი ამას მხოლოდ პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემთხვევაში მოელის.

ეკონომიკის დოქტორის, „სფერო ინვესტის“ პროექტების მენეჯერის, რამაზ გერლიანის მოსაზრებით კი, რუსეთიდან ვიზიტორების ნაკადი გაიზრდება და არა მხოლოდ ევროკავშირში მათი არშეშვების შემთხვევაში, არამედ - ყირიმში ვითარების გამწვავების გამოც.

სავიზო რეჟიმის დაწესებას გერლიანი არ ემხრობა და ის არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის მოქალაქეებისთვის ვიზების ცალმხრივად გაუქმებას ამტყუნებს. ექსპერტი ფიქრობს, რომ „ვისაც ცუდი მიზნებისთვის უნდა საქართველოში შემოსვლა, ის ისედაც იპოვის გზებს მიზნის მისაღწევად“ და კონტროლი შესაძლოა კორუფციის წყაროდ იქცეს.

რუსი ტურისტების რიცხვის მასშტაბურ ზრდას გერლიანი ასევე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოელის, თუკი რუსეთი გააუქმებს საქართველოსთან პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებულ აკრძალვას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG