Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე - ბიძინა ან ევროპა! - მელია


ნიკა მელია, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა 15 აგვისტოს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც გამოეხმაურა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ყოველწლიურ ანგარიშსა და მასში მოყვანილ საკითხებს.

„თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ რუსული ოცნება 12 პუნქტს ასრულებს, ერთად გადავხედოთ, რა ვითარებაცაა. ევროკომისიამ გარკვევით თქვა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. რას აკეთებს რუსული ოცნება?! თავს ესხმის მედიას, ხალხს, მაქსიმალურად გააღრმავეს დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ბრალს სახელმწიფოს გადატრიალებაში სდებენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი სიტყვებით, მმართველი გუნდი არ აღიარებს ევროკომისიის სარეკომენდაციო პუნქტებს სასამართლო რეფორმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემის რეალური რეფორმის, ანტიკორუფციული სააგენტოს, სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

მელიას განცხადებით, „რუსული ოცნება“ ხალხს არჩევანის წინაშე აყენებს - „ბიძინა ან ევროპა“. „ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით“, - თქვა ნიკა მელიამ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების ანგარიში 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს. "თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის", - წერია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG