Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 აგვისტოს


12 ნაბიჯი კანდიდატის სტატუსამდე - როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს

2 თვე გავიდა მას მერე, რაც საქართველომ ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მიიღო. ევროპის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა, რომ სტატუსის საკითხს წლის ბოლოს, პირობების შესრულების შემოწმების შემდეგ დაუბრუნდებოდა.

სად ვართ ახლა?

  • დეპოლარიზაცია - „ქართული ოცნება“ გეგმავს „პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის“ შექმნას. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ დრომდე დეპოლარიზაციის შესახებ მხოლოდ ერთი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა.
  • სასამართლო რეფორმა - სამუშაო ჯგუფი 4 აგვისტოს შეიქმნა, ამ დროისთვის ბოლო სხდომა 15 აგვისტოს გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე „30-ზე მეტი საკითხის იდენტიფიცირება მოხდა“, მაგრამ „რამდენად არის ეს საკითხები პრობლემა, ამას სჭირდება დასაბუთება, ახსნა და მტკიცებულებებით გამყარება“.
  • სახალხო დამცველის კანდიდატურა - „ქართული ოცნების“ გეგმით, „საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას. პარალელურად რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალი სახალხო დამცველის შესარჩევად ერთიანდება. ისინი გეგმავენ, შეიმუშაონ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და კრიტერიუმები.

რა ხდება დანარჩენი 9 პირობის შესრულების პროცესში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სოსო გოგაშვილი ახალ წერილში დეტალურად აღწერს ვახტანგ გომელაურთან სატელეფონო საუბრებს ციხეში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმარი სოსო გოგაშვილი "ფეისბუკის" საშუალებით ახალ წერილს ავრცელებს, რომელშიც დეტალურად იხსენებს 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ სატელეფონო საუბრებს მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრებს 30 ივლისს და 5 აგვისტოს.

ყოფილი თანაგუნდელი ვახტანგ გომელაურს მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისგან პროკურატურისთვის ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვდა არჩევნების გაყალბებისა და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "პრობლემების დამატებით და ოჯახის წევრების განადგურებით ემუქრებოდა".

წაიკითხე მეტი.

ლვოვში გაიმართება ზელენსკის, ერდოანისა და გუტერეშის შეხვედრა

დღეს უკრაინაში გაიმართება მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის ლიდერის, რეჯეპ ერდოანისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მონაწილეობით.
გაეროს ცნობით, გუტერეში უკრაინაში ვიზიტისას ლვოვს მოინახულებს. იქვე გაიმართება მისი შეხვედრა ზელენსკისა და ერდოანთან. პარასკევისთვის დაგეგმილია გუტერეშის გამგზავრება ოდესაში. ამის შემდეგ ის თურქეთს ეწვევა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი არაერთხელ ცდილობს, შუამავლის როლში გამოვიდეს უკრაინის კონფლიქტში. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხში ანკარის როლს გადამწყვეტად მიიჩნევენ.

წაიკითხე მეტი.

ჩინეთი რუსეთში ჯარის ნაწილებს გაგზავნის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის

ჩინეთმა განაცხადა, რომ რუსეთში ჯარის ნაწილებს გაგზავნის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის. მათ გარდა სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელარუსი, მონღოლეთი და ტაჯიკეთი.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობა „არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან“, რითაც იგულისხმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

სწავლება არის ნაწილი ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებისა, ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

რას სთხოვს საზოგადოება ქვრივ და განქორწინებულ ქალებს? – „ღირსება“ და სასჯელი

„ჩემი ქმარი რომ მოკვდა, მისმა მშობლებმა დაკრძალვიდან მალევე მომთხოვეს, მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემგან რომ უარი მიიღეს, შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებთან დაიწყეს მოლაპარაკებები“, - მიყვება 35 წლის თამთა (სახელი შეცვლილია), რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ორი წლის წინ დაქვრივდა.

გარდა იმისა, რომ შვილების აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა თამთას დაეკისრა, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ მისგან სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ფორმის ჩარჩოში ჩასმაც მოისურვა.
თამთას აქვს სამსახური, მაღალი ანაზღაურება, აქვს საშუალება, რომ სრულიად დამოუკიდებლად აღზარდოს შვილები, მართოს საკუთარი ცხოვრება, მაგრამ იმ წნეხსა თუ სტიგმას, რასაც ხშირად საქართველოში შვილებიანი ქვრივი თუ განქორწინებული ქალები განიცდიან, ვერ ასცდა. ვერ ასცდა ქმრის ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგანაც კი.

რას ითხოვს საზოგადოება ქვრივი და განქორწინებული ქალებისგან? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

"არ მინდა რუსული სიმღერების მოსმენა, არ მინდა, რუსულად ვილაპარაკო... მათი ბრალია, მათი დუმილის ბრალია, რომ ჩემი ხალხი კვდება ახლა... უკრაინელ და ქართველ ხალხს საერთო პრობლემები გვაქვს..."

უკრაინელი მსახიობი ოლეგ ზაგოროდნი, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვში მუშაობდა, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ომზე, კარიერასა და რუს კოლეგებთან ურთიერთობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG