თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რადიოაქტიური ნივთიერებების გაყიდვის მცდელობისას დაკავებულ სამ პირს. სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა მედიას უთხრა, რომ დაკავებულებს გარდა აკრძალული ნივთიერების ფლობისა და გაყიდვის მცდელობისა, შესაძლოა, ბრალად წაუყენონ ფიროსმანის ნახატის შენახვასა და გაყიდვაში მონაწილეობაც.
პროკურორ ბექა ხუნაშვილის თქმით, გამოძიებას აქვს "შესაბამისი მტკიცებულებითი საფუძველი" იმის სათქმელად, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ინახება ფიროსმანის ნახატის ასლი, რომელიც ფიროსმანის ხელითვეა შესრულებული, ამ ნახატის ორიგინალი კი ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორმა ნახატის სახელი არ თქვა და არც ის დაასახელა, რომელ მუზეუმშია დაცული ფიროსმანის აღნიშნული ორიგინალი ტილო. ბექა ხუნაშვილის თქმით, ამ ასლის აღმოსაჩენად "კონკრეტული საგამოძიებო პროცედურები" უნდა ჩატარდეს.
"გამოძიება მიმდინარეობდა რამდენიმე ბრუნვიდან ამოღებული ნივთის გასაღების ფაქტზე, ეს შეიძლება ყოფილიყო ციანიდი, შეიძლებოდა ყოფილიყო რადიოაქტიური ნივთიერება ან სხვა რაიმე ნივთი. შესაბამისად, იმ შედეგების და მონაცემების გათვალისწინებით, რაც საქმეზე დაიდო ამომწურავი ღონისძიების შედეგად, ბრალი წარედგინათ პირებს.
ის ნამუშევარი, ორიგინალი ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული. ანალოგიური ასლი შესაძლოა, ოღონდ ფიროსმანის შესრულებული, არსებობდეს, რომლის აღმოსაჩენადაც გამოძიება უნდა წარიმართოს. ეს ნახატი ჯერ აღმოჩენილი არ არის. არსებობს შესაბამისი მტკიცებულებითი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულთა თანამონაწილე ანდა ბრალდებულთა ნაცნობთან ინახება", - თქვა პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ადვოკატების განცხადებით, საქმეზე მტკიცებულებებად დართულია 5 კონტეინერი და ერთი კოლბა, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ იქ შენახული ნივთიერებების დასადგენად. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კოლბაში, რომელშიც ციანიდს ელოდნენ, აღმოჩნდა დარიშხანი, რომლის ქონა და შენახვაც კანონდარღვევას არ წარმოადგენს. მას საქმეზე დართული ექსპერტიზის პასუხები ზოგადი და ნაკლებ მკაფიო ეჩვენება.
"იმ კოლბაში, რომელშიც ისინი ფიქრობდნენ რომ იყო ციანიდი, აღმოჩნდა დარიშხანი, რომელიც არ არის უკანონო ნივთიერება და ამ ნივთიერებას ისინი აფასებდნენ მილიონ 200 ათას დოლარად, რომელიც, ფაქტობრივად, წყალი აღმოჩნდა. ასევე იყო პატარა კონტეინერები, რომლებშიც, როგორც ექსპერტიზა ამბობს, არის რადიოაქტიური ნივთიერება. მე არ მგონია, რომ სერიოზული და აჟიოტაჟის ასატეხი საქმეა, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც მე ვიცავ, არის 73 წლის გლეხი, რომელიც თივის ზვინში ინახავდა ამ ნივთიერებებს, რომლის გაყიდვასაც აპირებდა", - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.
3 ადამიანი თბილისსა და კახეთში სუსმა 16 აგვისტოს დააკავა სოფელ ბადიაურში რადიოაქტიური ნივთიერებების გაყიდვის მცდელობისთვის. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები, რომელთაგან ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, ერთი მძღოლი და ერთი მევენახეა, ამ ნივთიერებებს 1,2 მილიონ დოლარად ყიდდნენ.
დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, მათ აკრძალული ნივთიერებები საქართველოშივე მოიპოვეს და გაყიდვიდან მიღებული თანხის წილი უნდა მიეცათ მისთვის, ვინც ეს ნივთიერებები მათ მისცა.
საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 12 ოქტომბერს ჩაინიშნა.