Accessibility links

site logo site logo

კინო, რომელიც აჯადოებს


"წასვლის გადაწყვეტილება“ (სამხრეთი კორეა, 2022, საერთაშორისო სახელწოდება "Decision to leave", რეჟისორი პაკ ჩხან უკი)

ინტერნეტში გაჩნდა წლევანდელი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილმი "წასვლის გადაწყვეტილება", რომელიც კანის ფორუმის ბოლო დღემდე ინარჩუნებდა ლიდერობას კრიტიკოსთა გამოკითხვებში. უკვე მერიდება კიდეც იმის თქმა, რომ ასეთ ფილმს მხოლოდ დიდ ეკრანზე უნდა უყუროთ. მაგრამ "წასვლის გადაწყვეტილების" ნახვა ურჩიო მაყურებელს და არ დაამატო, რომ ფილმი ნახევარს მაინც კარგავს კომპიუტერის ეკრანებზე, არ იქნება სამართლიანი. კინო თუ მართლა გიყვართ, ეს კორეული სურათი - ინოვაციური გამოსახულება, განათება, რიტმი, მსახიობები, მუსიკა (ფილმში გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის გაცვეთილი თემაც კი ახლებურად ჟღერს) - მართლა გაგაბედნიერებთ. ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, "ყველა დროისა და ხალხის ფილმი", ალფრედ ჰიჩკოკის "თავბრუსხვევა", რომლის ერთგვარი აღმოსავლური რიმეიკია პაკ ჩხან უკის ახალი შედევრი. თუმცა სინეფილებს სხვა ფილმებიც გაგახსენდებათ - ბილი უაილდერის "ორმაგი დაზღვევა", ვონგ კარ-ვაის "სასიყვარულო განწყობა" და, რაღა თქმა უნდა, პოლ ვერჰოვენის "ძირითადი ინსტინქტი", რამდენჯერმე პირდაპირ ციტირებული კორეულ სურათში. ერთი განსხვავებით - "წასვლის გადაწყვეტილება" მნიშვნელოვნად ცვლის "ფატალური ქალის" ტრადიციულ სახეს, სრულიად მოკლებულია თანამედროვე კულტურაში დაგროვილ გენდერულ სტერეოტიპებს.

თავად სიუჟეტი ორიგინალური არაა და არაერთხელ გამოუყენებიათ კინოში - ვეტერანი დეტექტივი ჩადის მთაგორიან სოფელში ერთი საკმაოდ ბნელით მოცული საქმის გამოსაძიებლად; ახალგაზრდა კაცი კლდიდან გადმოვარდა. თვითმკვლელობაა? თვითმკვლელობამდე მიყვანა? იქნებ ძალადობა? ერთადერთი მოწმე მისი ჩინელი ცოლია, რომელსაც გამომძიებელი დაკითხავს და... შეუყვარდება. ტრილერი და დეტექტივი არ არსებობს თავსატეხის და მოულოდნელი სიუჟეტური სვლების გარეშე. მაგრამ ტრილერი, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების პრეტენზია აქვს, არ არსებობს გრძნობების გარეშე. თავსატეხი და გრძნობები, გამოცანები და ვნებები, რაციონალური და ირაციონალური (გამოხატული თანამედროვე ტექნოლოგიებში - სმარტფონებში, აბსოლუტურად მექანიზირებულ ავტომობილებში, ლეპტოპებში), მუდმივად ცვლიან ერთმანეთს. ჩვენს წარმოდგენაში, როგორც სიზმარში, იქმნება

"ცრუ დასკვნებით" და ფსიქოლოგიური ლაბირინთებით აღსავსე სანახაობა, რომელიც, გარწმუნებთ, არასდროს დაგავიწყდებათ. მეტიც, ფილმის მსვლელობის პროცესში კითხვებიც არ მოგასვენებენ. ზოგიერთ კითხვას შეიძლება პასუხი ვერ გასცეთ და კორეული სურათის მეორედ ნახვის სურვილი გაგიჩნდეთ. მოკლედ, კარგ მუსიკას ჰგავს ეს ყველაფერი. შეიყვარებთ და აიჩემებთ!

ამ სანახაობაში ჩვენი, ანუ მაყურებლის როლი განსაკუთრებულია. შეიძლება ითქვას, პაკ ჩხან უკი მაყურებელს ფილმის პერსონაჟად აქცევს, მსახიობად, რომელიც არა მარტო უყურებს, არამედ მოქმედებს. მრავალრიცხოვანი ფლეშბეკები, რეალური და წარმოდგენითი, ჯერ გაბნევს, მერე კი ხვდები, რომ სწორედ ეს დაბნეულობა განიჭებს სიამოვნებას - უახლოვდები სიმართლეს და ბოლო წამს ეს სიმართლე გისხლტება ხელიდან. მანიპულაციაა? არა, უფრო დახმარებაა, მოწყდე ამაოებას და შეიგრძნო თავისუფლება. მანიპულირებენ უფრო მეტად თავად პერსონაჟები, რეჟისორი კი მუდმივად ინარჩუნებს ირონიას და ძალიან უნდა, რომ მისი ეს "შავი იუმორი" ჩვენც გადაგვედოს. ამ იუმორს თუ ვერ იგრძნობთ, თუ ვერ შეამჩნევთ, როგორ გადაიქცევა დაკითხვა "სმა-ჭამად", ანდა როგორი ეროტიკული მუხტი მოაქვს თუნდაც ტუჩის საცხებით მოულოდნელ "თამაშს" ეკრანზე, გაგიჭირდებათ ჯეროვნად დააფასოთ ეს ახალი კორეული სურათი. არადა, პაკ ჩხან უკის მთელი ძალისხმევა სწორედ მაყურებლისკენაა მიმართული. მას არ უნდა, რომ მოგვწყინდეს. სწორედ ამის გამო ცვლის მუდმივად ფერადოვან პალიტრას (ინარჩუნებს რა საერთო, ხავერდოვან ფაქტურას, დამახასიათებელს მისი ყველა ფილმისთვის), ფოკუსებს. აფორმებს კადრს სარკეებით, ანარეკლებით... ერთ ეპიზოდში ანარეკლების თამაში უკვე სრულ სიგიჟეში გადადის: სამი გამოსახულება ერთიანდება და კადრის მნიშვნელობას ვიგებთ მხოლოდ შემდეგ კადრში, "საიდანაც" მიმართულია პერსონაჟის მზერა. ასეთი ხერხებით მაყურებლის ყურადღება არსად იფანტება. ჩვენ მთელი არსებით ვცხოვრობთ ეკრანულ სივრცეში.

კატათაგვობანას თამაშში მაყურებლის ერთგვარი მეგზური გამომძიებელია. უპირველესად სწორედ გამომძიებელი შეაღწევს იმ სივრცეში, რომელსაც იკვლევს და აკვირდება, ფაქტობრივად ტოვებს საკუთარ თავს და კინო სწორედ ამ პროცესს - თვითუარყოფის და ახალ განზომილებაში შესვლის პროცესს გამოხატავს. ყველაფერი იწყება მაღლა, მთაში და მთავრდება ზღვაზე, სრულიად დამაბრმავებელი ფინალით. შესაბამისად, მთელი ფილმიც ვარდნის, დაცემის, წარღვნის ტრაექტორიაზე გადის. თანაც, აბსოლუტურ სიმეტრიაზე - ორი ქალი, ორი პოლიციელი, ორი მკვლელობა, ორი განსხვავებული ენა (კორეული და ჩინური)... და ეს 2 მობილური ტელეფონი, ერთგვარი არქივი გრძნობების, ვნებების, ეჭვის, მეტაფორების.

კანის ფესტივალის ჟიურიმ "წასვლის გადაწყვეტილება" აღნიშნა პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის, არანაირად არ გაიმეტა "პალმა" კორეელი რეჟისორისთვის და ამ პრიზითაც თითქოს მხოლოდ პაკ ჩხან უკის ფორმალისტური ოსტატობა დააფასა. მაგრამ "წასვლის გადაწყვეტილება" არ არის მხოლოდ ფორმალისტური შედევრი, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს. არ არის მხოლოდ "ესთეტიკური თამაში", რითაც ოდნავ სცოდავდა რეჟისორი თავის წინა ფილმებში. "წასვლის გადაწყვეტილება" მთლიანობაში გლოვის ისტორიაა, ამბავი შეუძლებელ სიყვარულზე - მარადიული ამბავი ხელოვნებაში.

რაც უფრო მეტად იხიბლება ქალით გამომძიებელი, მით უფრო რწმუნდება, რომ მართლა დამნაშავეა. საოცარია ეს გრძნობა და კიდევ უფრო საოცარია ამ გრძნობის გამოხატვა კინემატოგრაფიულ სახეებში. მით უმეტეს, რომ შეყვარებულები ფაქტობრივად ფიზიკურადაც კი არ ეხებიან ერთმანეთს. ასე იქმნება ტრილერი, ძალადობის და სისხლის გარეშე, ვნებიანი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - სექსის გარეშე. გახსენდებათ ასეთი ფილმები თანამედროვე კინოში? მე - არა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG