ჩეჩნეთში საჯაროდ დატუქსეს კიდევ ერთი "ჯადოქარი", რომელზე მომზადებული სიუჟეტიც სახელმწიფო ტელეარხ "გროზნოს" ეთერით უჩვენეს. სიუჟეტის პირველ კადრში უცნობი ქალი ბინის კართან ხორბალს აბნევს. ამასთან, არაფერია ნათქვამი, თუ სად არის ვიდეო გადაღებული.
მომდევნო კადრში კი იგივე ქალი ჩანს უკვე ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში, სადაც მას ტუქსავს "ისლამური მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი ადამ ელკურჟაევი. მას ჩეჩნეთში "ჯინების განმდევნელად" და რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევენ.
უცნობია, თუ რომელი კანონის საფუძველზე დააკავეს "ჯადოქარი". თავად დაკავებულმა ქალაქ გროზნოს სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ასე განმარტა თავისი საქციელი.
"უკვე 19 წელია, ვცხოვრობ ქმართან, რომელმაც გადაწყვიტა თავისი პირველი ცოლის დაბრუნება...ამან მიბიძგა, რომ ჩამეტარებინა ეს რიტუალი. ხორბლის კართან დაბნევით მე შევეცადე, ხელი შემეშალა პირველ ცოლთან ჩემი ქმრის ხელმეორედ დაბრუნებისათვის", - ამბობს ვიდეოში დაკავებული ქალი, რომლის ჩვენებაც ჩეჩნურიდან "კავკაზ. რეალიიმ" თარგმნა.
სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია "გროზნოს" მიერ მომზადებულ სიუჟეტში განმარტავენ, რომ "ჯადოქარს" ბინები შეეშალა და ხორბალი სხვა კარის წინ დაყარა.
ჩეჩნეთში ოკულტისტების დევნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შარშან, ჩეჩნეთის ტელევიზიით თანახმად, ასეთი საქმიანობისთვის დააკავეს სულ მცირე 14 პირი. "ჯადოქრების" საჯაროდ დატუქსვის პროცესი წელსაც გაგრძელდა და რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა იანვარ-მარტში. დაკავებულები, როგორც წესი, ჩადენილს საჯაროდ ინანიებენ და კამერის წინ პატიებას თხოულობენ. სიუჟეტების მიხედვით, მკითხაობა და მჩხიბაობა ჩეჩნეთში "ტერორიზმსა და ნარკომანიაზე უფრო საშიშ საქმიანობას განეკუთვნება".
ჩეჩნეთის მოსახლეობის "დამამცირებელმა ვიდეოაღიარებებმა" 2021 წლის ანგარიშში აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ყურადღება მიიპყრო. კვლევის ავტორები რეკომენდაციას აძლევენ ვაშინგტონს, რათა სანქციები დააწესოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის მინისტრის, აჰმედ დუდაევის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია "გროზნოს" დირექტორი იყო.
დაწერეთ კომენტარი