Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნია ჯარიმის დაკისრებაზე: ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ


გიორგი გაბუნია, "მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი გაბუნია, "მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

"მთავარი არხის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ არ გადაიხდიან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის დაკისრებულ ახალ ჯარიმას - 118 689 ლარს. გაბუნიას თქმით, იცოდა, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი არხის წინააღმდეგ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ.

"ხაზგასასმელია ის, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რადგან ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ. პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ კიდევ ასე გავაგრძელეთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან...

არ არის პრობლემა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას. გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება", - თქვა გიორგი გაბუნიამ "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დღეს, 23 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მოთხოვნით, "შინ ევროპისკენ" აქციის სარეკლამო კლიპის განთავსებისთვის "მთავარი არხი" 118 689 ლარით დააჯარიმა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, სანქცია (გაფრთხილება) დაეკისრათ "ფორმულას" და "TV პირველს".

"აღნიშნული ვიდეოკლიპი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების უარყოფითი აზრის ფორმირებას, მათ დისკრედიტაციას და მათი არჩევის ხელშეშლას. გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომელიც რეკლამის დამკვეთები არიან, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს - ეს იყო მთავრობის გადადგომა", - თქვა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა თეა კაველიძემ, რომელმაც მაუწყებლების სანქცირების პროექტი წარადგინა.

კომუნიკაციების კომისიის სხდომას მისი ხუთივე წევრი (ივანე მახარაძე, ეკატერინე იმედაძე, ნათია კუკულაძე, ვახტანგ აბაშიძე) ესწრებოდა, მათ შორის - თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 1 წთ და 41 წამი გრძელდებოდა. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ვიდეორგოლში ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

XS
SM
MD
LG