Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე დეგნანს გამოეხმაურა: დასანანია განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" ( ISFED) შესახებ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან, იმიტომ რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით, PVT-ის გაყალბებასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ. მისი შეფასებით, „არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც PVT-ის გაყალბება იყო, ეწოდოს „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, „სამართლიან არჩევნებს" თვე-ნახევარი დასჭირდა ამ გაყალბების აღიარებისთვის.

„ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED, მანამდე არ აღიარებდა ის იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი PVT-ის სახით. ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვრის გადალახვაზე, იმ ზღვრისა, რომელიც დასაშვები ფარგლები იყო PVT-ის კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება უწოდო „სანდო“. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი განცხადებები არის დასანანი. PVT-ის გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების გაკეთება არის დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი", - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნების საკითხზე აშშ-ის ელჩი შეცდომაში შეიყვანეს.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც ქალბატონმა ელჩმა გააკეთა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები, შეგახსენებთ, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეეხება სიტყვა „სამართლიანს“, ეს ტერმინი ამოღებულია როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან. მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები სამართლიანი იყო. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, არსად არ იყო ნახსენები სიტყვა „კარუსელი“ და ესეც იყო მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი, ვინ შეიყვანა დღეს ელჩი შეცდომაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული NGO-ები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ რევოლუციური სცენარით. ეს კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე.

ყველაფერი არის დღესავით ნათელი - გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ, რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება, რაც არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ISFED-მა და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

კელი დეგნანი ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება გამოთვლებში დაშვებულ შეცდომას, ელჩის თქმით, ორგანიზაციამ საზოგადოებას ამის შესახებ საჯაროდ შეატყობინა მაშინვე, როგორც კი შეცდომა დადასტურდა.

„ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს რევოლუციური სცენარი იყო ან გამიზნულად მოხდა. ყველა, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია გახლდათ და პარტიების პარლამენტში შესვლა იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას.

მან ასევე აღნიშნა ამერიკის საელჩოს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ.

ირაკლი კობახიძემ გუშინ, 23 აგვისტოს, განაცხადა, რომ ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19 აგვისტოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება.

ამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველეყო.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის". ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს, იგი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების

მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც". მოგვიანებით, 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ - განაცხადა, რომ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG