Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED-ის არდაშვება პარლამენტის სამუშაო ჯგუფში კითხვებს აჩენს რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით - აშშ-ს საელჩო


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც.

„სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს", - წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "ფეისბუკის" გვერდზე.

ამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს პროცესის ინკლუზიურობა.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG