Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ციხეში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლაზე: ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ


ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის საკითხზე შეკითხვას უპასუხა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. საქმე ეხება მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას.

„მე არ ვიცი... ამ დღეების არის თუ არა. წაშლილია, არ არის წაშლილი. არ მისმენია ნამდვილად, გულწრფელად გეუბნები. ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი.

მე არ ვიცი შიგნით სისტემა როგორ აქვთ მოწყობილი. ეს კამერები როგორ მუშაობს... ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, გეტყვით, რაც არ ვიცი, უნდა ვკითხო სპეციალისტებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.

სოსო გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ.

ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა მე-12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ომბუდსმენის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, მე-12 დაწესებულების ვიდეომეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში მე-12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების, ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG