Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრები საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 აგვისტოს


ხანძრები თბილისში, თელეთსა და ბორჯომში

ბორჯომის ხეობის შემდეგ ხანძარს გუშინ უკვე თბილისთან ახლოს შავნაბადას მთაზე, ზემო ავჭალასა და სამგორში ებრძოდნენ.

სამგორსა და ავჭალაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

დღის ბოლოს ცეცხლი გაჩნდა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზია "გორგიას" საწყობშიც.

შავნაბადას მთაზე, სოფელ თელეთთან კი გუშინ გვიან ღამითაც გაგრძელდა ხანძრის ქრობა. პროცესში ავიაციაც ჩაერთო, რომელიც ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე დღით ადრე თურქეთიდან დაიხმარეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხანძარი რუსთავის გზატკეცილამდე ჩადის.

ათი დღეა ხანძარს აქრობენ ბორჯომის ხეობაშიც, თუმცა გუშინ უკვე პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის ლევან მუსელიანის თქმით, გუშინ მეხანძრე-მაშველები დარჩენილ კერებზე მუშაობენ.

„აქტიური კერის ლიკვიდაცია მოხდა. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლებთანაც მისასვლელი გზა გაჭრილია სპეციალური ტექნიკით. მეხანძრე-მაშველებს შეყვანილი ჰყავთ ტექნიკა, რისი საშუალებითაც მიმდინარეობს დარჩენილი კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია“, - თქვა ლევან მუსელიანმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

უკრაინის არმიამ იერიშები მიიტანა რუსეთის შტაბებსა და საწყობებზე ნოვა-კახოვკასა და ხერსონში

უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ნოვა-კახოვკაში, ქარხანა "სოკოლის" შენობაში განთავსებულ რუსეთის სამხედროების შტაბბინაზე.

რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა დაადასტურა ცნობები უკრაინის დარტყმების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყებიან რუსეთის შტაბებზე დარტყმებზე ხერსონსა და ნოვა-კახოვკაში. ამ ცნობებით, სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ძალების მართვის სამ პუნქტზე ხერსონსა და დარიევკაში, და 35-ე არმიის შტაბზე ნოვა-კახოვკაში. იუწყებიან, რომ დარტყმები განხორციელდა რუსეთის ტყვია-წამლის სათავსოებზე ლიუბიმოვკასა და ხერსონში.

წაიკითხე მეტი.

ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, თბილისშია

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს „ვივამედში“ მოინახულებს ორი საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტი.

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლსმიტი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისტორია უნდა შეისწავლოს გუშინ, 28 აგვისტოს ჩამოფრინდა.

ასევე, გამთენიისას ჩამოვიდა მეორე, შვეიცარიელი ექსპერტიც. სწორედ ამ ორ ექსპერტზე გასცა ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპერტებმა უნდა მოამზადონ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

წაიკითხე მეტი.

FT: ევროკავშირის მინისტრები აპირებენ მხარი დაუჭირონ მოსკოვთან 2007 წლის ვიზების გამარტივების შეთანხმების გაუქმებას

ევროკავშირის მინისტრები ამ კვირაში გეგმავენ მხარი დაუჭირონ მოსკოვთან 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების გაუქმებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უპირატესობას ანიჭებდა ვიზების მიღების პროცესში. ამ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Financial Times-ი, მოლაპარაკებებში ჩართულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ევროკავშირის მინისტრები აპირებენ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატონ ევროკავშირ-რუსეთის სავიზო შეთანხმების გაუქმებაზე, შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში, 30 აგვისტოს დაიწყება და ორ დღეს გასტანს.

28 აგვისტოს გავრცელებული ამ ცნობის ფონზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში აცხადებენ, რომ ცალმხრივად დაკეტავენ საზღვარს რუსი ტურისტებისთვის, კრემლის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.

წაიკითხე მეტი.

დავით გურამიშვილის უკრაინული ეპოპეა

ორ ასეულზე მეტი ხნის წინ უკრაინაში გაჩერებულ ქართველ უფლისწულს მოხუცი ოფიცერი ესტუმრა და თავისი ჩანაწერები გადასცა - ასე აღმოჩნდა საქართველოში გურამიშვილისდავითიანისერთადერთი ხელნაწერი.

„ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,

მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი“ (დ.გ.)

ზუბოვკაში დავით გურამიშვილის აღარაფერია შემორჩენილი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მისი საფლავი მირგოროდში, ტაძრის სასაფლაოზე იპოვეს. მირგოროდშივე გაიხსნა სიმბოლური მუზეუმი, სადაც იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი უკრაინული და ქართული ნივთებია თავმოყრილი, უშუალოდ გურამიშვილების ნაქონი - არაფერი. არ შემონახულა.

ამბავი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი თავადიშვილი შუაგულ უკრაინაში, უჩვეულოა. მე-18 საუკუნის გარიჟრაჟზე, 1705 წელს დაბადებულ ბიჭს არცთუ იოლი ბედი დაჰყვა - ჯერ მარტო, სამჯერ ტყვედ იყო ჩავარდნილი. პირველად ლეკებმა მოიტაცეს. გამოიქცა. ისევ დაატყვევეს და დაღესტანში, ხაროში ჩასვეს. დავითმა აქედანაც მოახერხა თავის დაღწევა, მაგრამ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის გზას დაადგა, რომელზეც ლეკები ვეღარ დაეწეოდნენ. მოსკოვში ჩასული ვახტანგ მეექვსის სამსახურში ჩადგა. მაშინ გურამიშვილი 24 წლის იყო. ამის შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი იცოცხლა და მიუხედავად იმისა, რომ სულ საქართველოზე ოცნებობდა, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა, სამშობლოში ვახტანგ მეექვსის ამალის წევრებს არ სწყალობდნენ.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

უკრაინელი როკვარსკვლავის ჯგუფი ცნობილია როგორც უკრაინული Red Hot Chilli Peppers, მაგრამ ომის შემდეგ მომღერალმა ვიტალი კირიჩენკომ თავისი გიტარა იარაღზე გაცვალა და ფრონტის ხაზზე მსახურობს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG