Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გურამიშვილის უკრაინული ეპოპეა


ორ ასეულზე მეტი ხნის წინ უკრაინაში გაჩერებულ ქართველ უფლისწულს მოხუცი ოფიცერი ესტუმრა და თავისი ჩანაწერები გადასცა - ასე აღმოჩნდა საქართველოში გურამიშვილის „დავითიანის“ ერთადერთი ხელნაწერი.

ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,

მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი“ (..)

ზუბოვკაში დავით გურამიშვილის აღარაფერია შემორჩენილი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მისი საფლავი მირგოროდში, ტაძრის სასაფლაოზე იპოვეს. მირგოროდშივე გაიხსნა სიმბოლური მუზეუმი, სადაც იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი უკრაინული და ქართული ნივთებია თავმოყრილი, უშუალოდ გურამიშვილების ნაქონი - არაფერი. არ შემონახულა.

ორმოდან მოსკოვში

ამბავი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი თავადიშვილი შუაგულ უკრაინაში, უჩვეულოა. მე-18 საუკუნის გარიჟრაჟზე, 1705 წელს დაბადებულ ბიჭს არცთუ იოლი ბედი დაჰყვა - ჯერ მარტო, სამჯერ ტყვედ იყო ჩავარდნილი. პირველად ლეკებმა მოიტაცეს. გამოიქცა. ისევ დაატყვევეს და დაღესტანში, ხაროში ჩასვეს. დავითმა აქედანაც მოახერხა თავის დაღწევა, მაგრამ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის გზას დაადგა, რომელზეც ლეკები ვეღარ დაეწეოდნენ. მოსკოვში ჩასული ვახტანგ მეექვსის სამსახურში ჩადგა. მაშინ გურამიშვილი 24 წლის იყო. ამის შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი იცოცხლა და მიუხედავად იმისა, რომ სულ საქართველოზე ოცნებობდა, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა, სამშობლოში ვახტანგ მეექვსის ამალის წევრებს არ სწყალობდნენ.

Quiz: რამდენად ვიცნობთ დავით გურამიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას

Quiz: რამდენად ვიცნობთ დავით გურამიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას

დაიწყე ვიქტორინა

ვახტანგთან

ვახტანგ მეექვსე პირველი იყო, ვინც ქართული სტამბა დააარსა და „ვეფხისტყაოსანი“ დაბეჭდა. „ფრიად მოღვაწე..., ქურივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე... ცოდნისმოყვარე“... ასე ახასიათებს მას ვახუშტი ბაგრატიონი. მაშინ კავკასიისთვის ორი ძალა იბრძოდა - რუსეთი და ირანი. ვახტანგი რუსეთს მიემხრო. პეტრე პირველთან ერთად ირანის წინააღმდეგ უნდა გაელაშქრათ, მაგრამ პეტრე შუა გზიდან უკან გაბრუნდა და საქართველო ბედის ანაბარა მიატოვა.

1724 წელს ვახტანგ მეექვსე ოჯახით და 1200-კაციანი ამალით რუსეთის გზას დაადგა. იმედი ჰქონდა, რუსეთის მხარდაჭერითა და ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და ქვეყანას დამპყრობლისგან გაათავისუფლებდა. მაგრამ პეტრე პირველი გარდაიცვალა, მის მემკვიდრეებს კი საგარეო პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუნელდათ.

სწორედ ვახტანგ მეექვსესთან ჩავიდა დავით გურამიშვილიც. ვახტანგმა მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა, ანუ იარაღის საწყობების უფროსად დანიშნა. იქვე ჩამოყალიბდა ქართველ ჰუსართა პოლკიც. დავითი რუსეთის ლაშქრობებში მონაწილეობდა, სწორედ ერთ-ერთ ბრძოლაში, პრუსიის წინააღმდეგ ომისას გამოცადა მესამე ტყვეობა.

უკვე ასაკში შესულს მირგოროდში სახლი, ზუბოვკაში კი მამულები უბოძეს.

ასე მოხვდა გურამიშვილი დღევანდელ უკრაინაში.

ახ, კაკ სკუშნო“...

„დავითმა ინვალიდობის გამო (მან ცალი თვალი დაკარგა) 52 წლისამ დაასრულა სამხედრო სამსახური. როგორც თავადმა, იმპერიის საზღვრებში მამულები და რამდენიმე კომლი ყმები მიიღო. ჰყავდა ცოლი ტატიანა ავალიშვილი, მაგრამ შვილი არ გასჩენიათ. მირგოროდის აღაპთა წიგნში ასეთი ჩანაწერია შემონახული: აღესრულა თავადი დავიდ გურამოვი და ტატიანა ავალიშვილი-გურამოვისა“, - ჰყვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რაულ ჩილაჩავა.

ზუბოვკასა და მირგოროდში დავითმა უკრაინული ხალხური ლექსების მოტივებზე მთელი ციკლი დაწერა: სიმღერა რომელ არს რუსულად ამისი ხმა: ულეტელა ზაზულინკო ჩერეს დუბინუ; რეული ეს რუსულად: პოლნო, პოლნო, ნე პრელშჩაისა“; სიმღერა რომელ არს ამისი ხმა რუსულად: ახ, სკოლიკო ცველა ვლეტახ მოლოდიხ!“; არია, რომელ არს გოდება რუსულად, „ახ, კაკ სკუშნო“...

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება უცხოეთში გაატარა, სრულყოფილად არც რუსული იცოდა, არც - უკრაინული.

ალბათ არც უნდოდა სწავლა, იმდენად ღრმად იყო ქართულ ენაში ჩაფლული. რუსთაველის ეპიგონებს ჰქონდათ ქართული ლიტერატურა წალეკილი, როდესაც დავითი გამოჩნდა თავისი კრებულით. აბსოლუტურად თანამედროვე, თავანკარა ქართულით არის დაწერილი. უამრავი ახალი რითმა და მელოდია შემოიტანა. სათავე დაუდო ახალ პოეზიას, რომელიც ყველაზე მეტად შემდეგ გალაკტიონმა აიტაცა. ენის მოფრთხილება უცხოეთში მყოფი ადამიანის ინსტინქტია და დავითს ეს განსაკუთრებულად ჰქონდა გამძაფრებული“, - ამბობს რაულ ჩილაჩავა.

ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილიც ფიქრობს, რომ რუსთაველის შემდეგ ქართულ ლექსს გურამიშვილივით თავისუფლად და გაბედულად არავინ მოქცევია.

ის დიდი ღვთისმეტყველი და დიდი პოეტია, ლექსის საუკეთესო რეფორმატორი. სრული თავისუფლება მისცა ქართულ ლექსთწყობას“, - ამბობს ლალი დათაშვილი და კიდევ ერთ პარალელს ავლებს, ამჯერად გურამიშვილსა და უკრაინელ პოეტ-ფილოსოფოს გრიგორი სკოვოროდას შორის, - ერთი დროის და ერთი ტიპის მოაზროვნეები არიან. მაშინ ტერმინი რეალიზმი ჯერ არ იყო, მაგრამ სიმართლის თქმა, სიმართლის ასახვა, სწავლა-განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დიდაქტიკა - ეს თემები საერთო აქვთ. იმ პერიოდში ევროპიდან განმანათლებლობის ტალღა მოდიოდა და ევროპული ყაიდის მოაზროვნეები არიან ორივენი“.

დავითის წისქვილი

როდესაც დავითი უკვე ღრმად მოხუცებული იყო, პოლტავის ოლქში მირიან ბატონიშვილი ჩავიდა. ერეკლე II-ის შვილი მირიანი იმ დელეგაციაში შედიოდა, რომელიც ერეკლემ 1783 წელს ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით პეტერბურგში გააგზავნა. მაშინ მირიან ბაგრატიონი იქვე დარჩა, მოგვიანებით კი დროებით დაბრუნდა საქართველოში.

1787 წელს მირიან ბატონიშვილი კრემენჩუგში ჩავიდა, რუსეთის ფელდმარშალ გრიგორი პოტიომკინს უნდა შეხვედროდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ლეგენდის თანახმად, პოტიომკინმა უკრაინაში, იმ მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ეკატერინე მეორეს უნდა გაევლო, ბუტაფორიული სოფლები „ააწყო“.

დავითმა შეკაზმა ცხენი და კრემენჩუგში ჩავიდა, რომდავითიანიგადაეცა. 100 კილომეტრი იარა, არადა, მაშინ უკვე 80- იყო გადაცილებული“, - ამბობს რაულ ჩილაჩავა.

ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი მერაბ ღაღანიძე თავის წიგნში „ლიტერატურა, კულტურა, რელიგია“ აღწერს, როგორ მივიდა თითქმის უსინათლო მოხუცი მირიან ბატონიშვილთან და სარწყავისა და წისქვილის მოხაზულობის სქემა წარუდგინა, რომელსაც თან სასხვათაშორისოდ „დავითიანიც“ ახლდა.

დავით გურამიშვილს შემჩნეული ჰქონდა, რომ უკრაინის მდინარეები ძალიან მდორედ მიედინებიან, განსხვავებით აზიისგან (აქ სავარაუდოდ საქართველო იგულისხმება), სადაც „საითაც უნდა, რუით წაიყვანს კაცი და, რასაც უნდა, მორსწყავს“. გვალვის დროს ეს მდინარეები აღარც მოსარწყავად ვარგოდა და აღარც წისქვილი ფქვავდა. დავითმა წყლის ასამაღლებელისა და ისეთი წისქვილის პროექტები გააკეთა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ იმუშავებდა. ამ წისქვილისგან მოსალოდნელი სარგებელი 12 მუხლად ჰქონდა ჩამოწერილი და ახლა მირიან ბატონიშვილს პოტიომკინთან შუამდგომლობას სთხოვდა, „ერთი ნასოსის მხვრეტელი კაცი“ და ოცი თუმანი გამომიყავითო. ნახაზებში ღვთისმშობლის ხატიც ჩაეხატა, საკუთარი თავიც, ფულის შესაწირ ყულაბასთან ერთად, თუ წისქვილი აშენდა, იქ ხატს დავასვენებ და მომსვლელები ჩემს მოსაგონრად სანთელს დაანთებენო. ლექსიც შეეთხზა:

ღმერთო, მაჩვენე ყანები

ამ სარწყავთ მონაყვანები;

ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,

ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

ყოვლად წმინდაო, დამადევ

წყლურზედ წამალი სამთელი,

შემაძლებინე აღვანთო

მე შენს წინაშე სანთელი“.

აი, ამ სქემებსა და ნახაზებს ერთვოდა პოემა „დავითიანიც“, რომელიც გურამიშვილმა მირიანს გადასცა. დავითის მოფიქრებული საირიგაციო სისტემისგან განსხვავებით, მირიანმა „დავითიანი“ მართლაც სათანადოდ დააფასა და საქართველომდე ჩამოიტანა.

ლეგენდაც კი არსებობს, რომ დონზე ცხენით გადასვლისას მირიანს მდინარემ გასტაცა აბგა, რომელშიცდავითიანიიდო და ბატონიშვილი მას ცურვით დაეწია“, - ჰყვება რაულ ჩილაჩავა.

„მობრძანდი, მნახველო“

ამის შემდეგ დავით გურამიშვილი მალევე გარდაიცვალა, 1792 წელს, 87 წლის ასაკში. მას შვილი არ ჰყავდა და ამიტომ თავადვე იზრუნა საფლავის წარწერაზეც და ანდერძზეც (ეს ორივე ლექსად აქვს დაწერილი). უცხოეთში გადახვეწილი მოხუცი ცდილობდა, მოსაგონებლად რამე დაეტოვებინა, ამიტომაც ოცნებობდა ისეთ სარწყავზე, რომელიც ხორბლის ველებს გვალვაშიც მიაწვდიდა წყალს და ხალხს დააპურებდა.

დავით გურამიშვილის მონუმენტი მირგოროდში
დავით გურამიშვილის მონუმენტი მირგოროდში

„მოიხსენე, უფალო, სჯად შენდა მოსული, დავით გურამისშვილის უბადრუკი სული“, - წერს ის ერთგან, სხვა ლექსით კი საკუთარ განსასვენებელზე „წუწუნებს“. ზედაზნისა და შიო მღვიმის მონასტრებში „სახლ-გალავნებით დამშვენებული“ ძვალშესალაგი მქონდა და ახლა რის ამარა ვრჩებიო:

ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე,

მისად სანუფქოდ სად დავიმარხე!

ხორცით აქ ვლპები, აწ ჩემი სული,

არა ვიცი რა, სად არს მოსული!

ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ,

ეგრეთვე, ვგონებ, არცა შენ გინდოს,

შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა,

ღმერთმან შენ შენი ცოდვა შეგინდოს!“

დავით გურამიშვილის საფლავი 150 წელი დაკარგულად ითვლებოდა. 30-იან წლებში მის მოძებნას შეეცადა მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, ამ მიზნით ის ხარკოვსა და პოლტავაშიც ჩავიდა.

ვერ მიაგნო, მაგრამ ძალიან დააინტერესა უკრაინელი მწერლები, პავლო ტიჩინა და მიკოლა ბაჟანი. მათი დავალებით ლიტერატურათმცოდნე დმიტრო კოსარიკმა დიდხანს იმუშავა არქივებში და მიაკვლია ჩანაწერს გურამიშვილის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილის შესახებ. შემდეგ მოძებნეს კაცი, რომელმაც თქვა, აქ, სასაფლაოზე თუჯის ფილა იყო და ზედ კნიაზ დავიდ გურამოვიეწერაო“, - ამბობს რაულ ჩილაჩავა.

ამ ადგილას ამჯერად სტელაა აღმართული, დგას დავით გურამიშვილის ბიუსტი, ყვავილები მიაქვთ. მისი სახელიც ყველას ახსოვს, ოღონდ წისქვილის გამო არა - „დავითიანის“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG