Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის თქმით, ისინი მხოლოდ NGO-ების მიერ შერჩეულ ომბუდსმენის კანდიდატს დაუჭერენ მხარს


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" ომბუდსმენის შერჩევის წესზე მმართველ გუნდთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრებიან. პარტიები აცხადებენ, რომ ისინი ჩერთვებიან არასამთავრობო სექტორთან მუშაობაში და მხარს დაუჭერენ მათ მიერ შერჩეულ კანდიდატს.

ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა პარლამენტში დღეს, 29 აგვისტოს გაიმართა.

"ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო პროცესში არასამთავრობოებთან ერთად და მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელსაც წარმოადგენენ. ასევე მზად ვართ ჩავერთოთ ფორმალურ შეხვედრებში, ბიუროზე და კომიტეტებზე განვილვაში, მანამდე, ვერ ვხედავთ სამუშაო ჯგუფში დასწრების აზრს", - უთხრა ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი დაელოდებიან NGO-ების მიერ შერჩეულ კანდიდატებს და მათგან აარჩევენ, ისეთს, რომელსაც მხარს დაუჭერენ.

"სრულად ვენდობით სამოქალაქო წრის მიერ ინიცირებულ პროცესს... მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ფლანგზე სწორედ ეს პროცესი იქნება გაზიარებული. როგორც მინიმუმ, ყველა, ვისაც ვესაუბრეთ ამ პოზიციაზეა. ქართულ ოცნებასთან არაფორმალურ შეხვედრაზე არაფერი განსახილველი არ გვაქვს", - თქვა მან.

ოპოზიციის ამ ნაწილის შეხვედრას არ ესწრებოდნენ "გირჩის", "მოქალაქეებისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები. ქართულ ოცნებასთან ერთად ომბუდსმენის არჩევის წესზე სამუშაო ჯგუფი დღეს იმსჯელებს, სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიღებს მონაწილეობას.

ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კანდიდატი მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა არ უნდა შეარჩიოს.

"მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე კონკრეტული შეხედულება, მაგალითად, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის ირგვლივ, გახლავთ უალტერნატივო. შესაბამისად, ამას განხილვა და დისკუსია არ სჭირდება. რასაც გვთავაზობენ, რომ ულტიმატუმის სახით ვინმემ წამოაყენოს კანდიდატურა და ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, არ მგონია, იყოს სწორი", - თქვა მან.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. ევროკომისიის პირობაში წერია, რომ "ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი"; "დანიშვნა იქნება გამჭვირვალე", ხოლო "მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი".

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატს წარადგენენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი. მისი არჩევა სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას საჭიროებს. მხოლოდ საკუთარი მანდატებით, ამას ვერ შეძლებს "ქართული ოცნება".

მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იგი თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა არა უგვიანეს 1 დეკემბრისა შედგება.

XS
SM
MD
LG