ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა ბლოკის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა კომპრომისი გამონახონ და უთანხმოება გადალახონ დისკუსიაში, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას, როგორც სანქციას მოსკოვის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრაზე.
31 აგვისტოს, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს, ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, "მოგვიწევს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება".
რუსებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ბოლო დღეებში დაისვა აქტიურად, მაგრამ საიმისოდ, რომ ეს ზომა რუსეთის მიმართ მორიგ სანქციად იქცეს, ბლოკის 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
პრაღაში შეხვედრამდე საფრანგეთმა და გერმანიამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერენ, რომ რუსებისთვის ვიზების შეზღუდვა იქნება კონტრპროდუქტიული ზომა, რადგან ევროკავშირი იბრძვის იმ რუსების "გულებისთვის და გონებისთვის", რომლებიც მხარს არ უჭერენ მოსკოვის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში.
ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან საზღვარს იყოფენ - ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი და ფინეთი - მხარს უჭერენ რუსი ტურისტებისთვის ვიზების შეზღუდვას. პრაღაში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ევროკავშირს მოუწოდა აკრძალოს ვიზების გაცემა რუს ტურისტებზე - განაცხადა, "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რუსეთის საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით", და ამ მკაცრი ზომის არმიღება წარმოადგენს "ბოროტებასთან კომპრომისსო".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, აკრძალვა უნდა შეეხოს ყველა რუსს, პოლიტიკური დისიდენტების გარდა. მისი თქმით, "ამ ომისთვის 'პუტინის პრობლემის' დარქმევა, და არა რუსეთის საზოგადოების, რომელიც ძირითადად მხარს უჭერს მის პრეზიდენტს, საკუთარი თავის მოტყუებაა".