Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფაელ გროსი: გაეროს ბირთვული სააგენტოს მისია უკრაინის ბირთვულ სადგურზე ტექნიკური ხასიათისაა. მისია ზაპოროჟიეში ჩავიდა

IAEA-ის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მისიის წევრებთან ერთად. 29 აგვისტო, 2022 წელი
IAEA-ის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მისიის წევრებთან ერთად. 29 აგვისტო, 2022 წელი

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსIAEA ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, რომლის ხელმძღვანელობით 14 კაციანი მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ინსპექტირებას ჩაატარებს ამ დღეებში, ამბობს, რომ დაგეგმილი სტუმრობა უკრაინის ელექტროსადგურზე „ტექნიკურ მისიას“ წარმოადგენს და მისი მიზანია ბირთვული ავარიის თავიდან აცილება.

მისია 31 აგვისტოს შუა დღისთვის ჩავიდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, რომელიც რუსეთის ჯარის ხელში მყოფი ატომური ელექტროსადგურიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.

ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს კვლავაც უკრაინელი სპეციალისტები მართავენ. ექსპერტების მიზანია შეამოწმონ, ხომ არ არის სადგური დაზიანებული და გასინჯონ უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება. კიევიდან გამგზავრების წინ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ „რამდენიმე დღით იქ დავრჩებით“. ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნული "დროებითი ადმინისტრაციის" ე.წ. ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო "ინტერფაქსს" უთხრა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტის პროგრამა ერთ-დღიანია და სადგურის მუშაობას ერთ დღეში უნდა გაეცნონ.

საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ამ ობიექტის "დეოკუპაციისა და დემილიტარიზაციისკენ" გადადგმული ნაბიჯი, განუცხადა Reuters-ს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა მასთან ინტერვიუსას ოთხშაბათს. ზაპოროჟიეში, უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქში, გერმან გალუშჩენკომ ასევე თქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისთვის, რომელსაც რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მიეცეს პერსონალთან გასაუბრების საშუალება ობიექტზე. "ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ... რომ მისიამ შეძლოს პერსონალთან გასაუბრება, მიიღოს რეალური ინფორმაცია და არა რუსული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება შიგნით", - თქვა გალუშჩენკომ.

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის "ხელისუფლებამ" განაცხადა, რომ არ გააფორმებს სპეციალურ საშვებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მონაწილეებისთვის იმისთვის, რომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში სწრაფად მოხვდნენ, თუმცა დასძინა, რომ ელიან მისიის ჩასვლას ენერგოდარში 1 სექტემბერს, დილით.

XS
SM
MD
LG