ავტორი: მზეო შველიძე
ვიქტორ ჰიუგოს რომანში ,,საბრალონი“ აღწერილი აქვს გამოგონილი პერსონაჟის ჟან ვალჟანის ცხოვრება. რომანის დასაწყისში კეთილი ეპისკოპოსი ბიენვენიუ საკვებსა და თავშესაფარს აძლევს ვალჟანს, რომელმაც 19 წელი ციხის კატორღაში მოშიმშილე დისშვილებისთვის პურის მოპარვის გამო გაატარა.
ცხოვრების სიმძიმისგან გულგაქვაბული ვალჟამი ეპისკოპოსის სიკეთეს ქურდობით პასუხობს და იპარავს მის ვერცხლის საგნებს, რის გამოც ჟანდარმები შეიპყრობენ. თავის დაცვის მიზნით იცრუებს, რომ ვერცხლი ეპისკოპოსისგან საჩუქრად მიიღო და არ მოუპარავს. ყველას გასაოცრად ეპისკოპოსი ეთანხმება მის ჩვენებას და თან ამატებს: ,,მაგრამ შანდლებიც ხომ მოგეცი, რომლებიც დანარჩენებივით ვერცხლისგან არის და ორას ფრანკს მოიტანს, რატომ არ წაიღე თეფშებთან ერთად?“. ამის შემდეგ ეპისკოპოსი მიუახლოვდება და ჩურჩულით ეტყვის, ,,არ დაგავიწყდეს, არასდროს დაგავიწყდეს, გამოიყენებ ამ ვერცხლს, რომ გახდე პატიოსანი კაცი“.
ეპისკოპოსის სიკეთემ ვალჟამი არა მხოლოდ ციხისგან იხსნა მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეცვალა. ჰიუგოს რომანის გმირი შემდეგ უკვე თავად ხდება კეთილშობილი, მფარველი, ქველმოქმედი და პატიოსანი კაცი.
დიდი სულიერი გარდატეხის დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს ვერ მოხდება კეთილი ,,ეპისკოპოსების“ გარეშე, იმ ადამიანის თუ ადამიანების გარეშე ვისაც შეუძლია კეთილშობილების გაკვეთილი ჩაატაროს.
ცხოვრება კაცთმოყვარე ყველა ადამიანისთვის როდია. ნიადაგი, რომელშიც მტაცებელი მცენარე იზრდება ყოველთვის უვარგისია, სწორედ ნიადაგი იწვევს, რომ მცენარე მწერებით იკვებებოდეს. ადამიანის შემთხვევაშიც ასეა... როცა სიავეს კეთილშობილების გაკვეთილით პასუხობ ეს სიკეთეა, გულგაქვავებული ადამიანისთვის, რომლისთვისაც ცხოვრება არაკაცთმოყვარე აღმოჩნდა შეიძლება შენი სიკეთე ისეთი იმედი აღმოჩნდეს, რომ მის კლდოვან სულშიც ამოიზარდოს ხე ნაყოფის მომცემი, სწორედ ასე ხდება ადამიანი ადამიანისთვის დღე ნაცვლად ღამისა...
დაწერეთ კომენტარი