Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვანოს შოუ" ტვ პირველზე გავა


ვანო ჯავახიშვილი
ვანო ჯავახიშვილი

"მთავარ არხზე" დახურვის შემდეგ, ვანო ჯავახიშვილის შოუ "ტვ პირველზე" გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ვანო ჯავახიშვილი ავრცელებს ფეისბუქზე. მისი თქმით, გადაცემა იგივე დროს, პარასკევობით, 22:00 საათზე დაიწყება.

"როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს "ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს", - წერს ის.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებისა და არხზე არსებული ფინანსური პრობლემების გამო, გასართობი გადაცემები დაიხურა.

განახლება.

„მთავარი არხი" განცხადებით გამოეხმაურა „ვანოს შოუს" გადაწყვეტილებას. „ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნავს ტელეარხი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ტელეკომპანია იძულებული გახდა დაეხურა მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა არაპოლიტიკური გადაცემები, მათ შორის, „ვანოს შოუ".

„ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან", - აცხადებს „მთავარი არხი".

ტელეკომპანია მიუთითებს, თანამშრომლების წინაშე არსებული დავალიანების შესახებ. „ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას", - ნათქვამია განცხადებაში.

„მთავარი არხი" აცხადებს, რომ „ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, მუშაობა დაიწყო ახალ იუმორისტულ შოუზე. „ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ", - აღნიშნავს ტელეკომპანია.

შოუმენი ვანო ჯავახიშვილი „ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა „მთავარი არხის" განცხადებას, რომელიც ეხებოდა იუმორისტული გადაცემების „TV პირველზე" გადასვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG