Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CRRC-ის თანახმად, 52%-მა არ იცის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნისას, ევროკავშირმა ვინ იგულისხმა


თბილისი. 2022 წლის 3 ივლისი. ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია.
თბილისი. 2022 წლის 3 ივლისი. ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვებს შორის არის დეოლიგარქიზაცია, როგორც ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობიდან ერთ-ერთი, რომლის შესრულებაც აუცილებელია წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 35% მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 52%-მა კი არ იცის ვინ იგულისხმა ევროკავშირმა ოლიგარქში ან ოლიგარქებში.

შეკითხვაზე, - ევროკავშირის თანახმად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველომ უნდა შეასრულოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა. თქვენი აზრით, რომელ პირს/პირებს გულისხმობს ევროკავშირი ოლიგარქის ან ოლიგარქების ქვეშ? – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ბიძინა ივანიშვილი - 35%
  • მამუკა ხაზარაძე - 2
  • ვანო ჩხარტიშვილი - 2%
  • მიხეილ სააკაშვილი - 3%
  • დავით კეზერაშვილი - 3%;
  • სხვა - 1%
  • უარი პასუხზე - 5%
  • არ ვიცი - 52%
  • ვერ გამოყოფს კონკრეტულ ინდივიდს/ინდივიდებს - 6%

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებს, გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 24%-მა არ იცის, რომ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.

შეკითხვაზე, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირმა საქართველოს არ მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. იცით ამის შესახებ? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არა, არ ვიცი - 21%
  • დიახ, ვიცი - 76%
  • არ ვიცი - 3%
  • უარი პასუხზე - 0%

იმ რესპონდენტებს, რომლებმაც დადებითი პასუხი გასცეს (ინფორმირებულები არიან, რომ საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი), ჰკითხეს, თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო? მოქალაქეებმა შემდეგი პასუხი გასცეს:

  • საქართველო რუსეთთან ომში არ ჩაება/მეორე ფრონტი არ გახსნა - 4%;
  • ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია - 14%
  • მმართველი პარტიის მიერ „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა - 1%
  • მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება - 1%
  • საქართველოს მთავრობის უმოქმედობა - 17%
  • ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - 1%
  • ოპოზიციამ შეაფერხა სტატუსის მინიჭება - 8%
  • უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოს მიმართ - 0%
  • რუსეთის ხელისუფლების პოზიცია საქართველოს მიმართ - 3%
  • საქართველომ არ შეასრულა მოთხოვნები - 14%
  • არ ვიცი - 30%
  • უარი პასუხზე - 1%

გამოკვლევაში ერთ-ერთი შეკითხვა ეხება შესაძლო კავშირს საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის.

შეკითხვაზე, ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა/გახსნიდა მეორე ფრონტს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:

  • საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს - 37%
  • მეტწილად არ არის სიმართლე - 22%
  • მეტწილად სიმართლეა - 13%
  • აბსოლუტურად სიმართლეა - 4%
  • არ ვიცი - 23%
  • უარი პასუხზე - 1%

CRRC-ის თანახმად, გამოკვლევა ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობას (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა). შეწონილი შედეგები შეიძლება დაიყოს სქესის, ასაკობრივი ჯგუფის, დასახლების ტიპისა და განათლების დონის მიხედვით.

სატელეფონო გამოკითხვისთვის რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით (RDD) არის შეარჩიეს. საერთო ჯამში ჩატარდა 1 244 ინტერვიუ, 2022 წლის 20-დან, 30 ივლისამდე. ცდომილების საშუალო ზღვარია 2.8%-ს.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

ევროკომისიის პირობებს შორის იყო დეოლიგარქიზაცია.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

XS
SM
MD
LG