Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ნაბიჯი კანდიდატის სტატუსამდე - კრიზისული ეტაპი, დაპირისპირება მესამე სექტორთან


ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის ისედაც რთულ გზაზე გასული კვირიდან კიდევ ერთი ბარიერი დაემატა - "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების საკითხებზე მომუშავე მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო პროცესიდან დაბლოკა. ევროკომისიის რეკომენდაციების მე-10 პუნქტი პროცესის ინკლუზიურობას ითხოვს.

საერთაშორისო პარტნიორები კრიტიკულად შეხვდნენ „ქართული ოცნების“ კატეგორიულ უარს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ჩართვაზე; პროტესტის ნიშნად სამუშაო ჯგუფებში დროებით შეაჩერა მუშაობა სხვა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.

ბოლო კვირაში "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შექმნილ ორი სამუშაო ჯგუფში გამართულ შეხვედრებს ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

რადიო თავისუფლება განაგრძობს პროცესის მონიტორინგს - თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში და რა კეთდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დათქმულ ვადებში მისანიჭებლად.

უარი ჯგუფის წევრობაზე

ISFED-მა 18 აგვისტოს შეიტყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას „საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის“ სამუშაო ჯგუფის წევრობა აუკრძალა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პარლამენტიდან მათ არავინ შეატყობინა, რომ ჯგუფი პირველ შეხვედრას სწორედ 18 აგვისტოს მართავდა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმიდან - „საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან“, რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა წინასწარვე 2-წევრიანი ლიმიტი დაუწესა, სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღმოჩნდა მიწვეული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც ღიად აკრიტიკებდნენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ჯგუფების მუშაობას, მაგრამ ISFED-ისთვის საარჩევნო ჯგუფში მუშაობის აკრძალვის შემდეგ, საიამ და კიდევ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მუშაობა, დროებით, ყველა სამუშაო ჯგუფში შეაჩერა.

„დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში“, - წერია 20 აგვისტოთი დათარიღებულ მათ ერთობლივ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ISFED-ს მუშაობის საშუალება მიეცეს.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების მე-10 პუნქტს. ეს პუნქტი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ის ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა სხვა პუნქტზე ვრცელდება.​

„ქართული ოცნება“ სამართლიანი არჩევნებისთვის“ ნათქვამი უარის მიზეზად ივნის-ივლისში გამართულ მიტინგებში („შინ ევროპისკენ“) მონაწილეობასა და პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნის მხარდაჭერას ასახელებს; "ოცნების" წარმომადგენლები თუ პარტიიდან წასული დეპუტატები, კვლავ "რევოლუციური სცენარის" ნაწილად განიხილავენ ISFED-ის მიერ 2020 წლის არჩევნების დროს, პარალელული დათვლის (ე.წ. პივიტი) შედეგებში დაშვებულ შეცდომას, რის გამოც მაშინ ორგანიზაციის დირექტორი გადადგა.

მას შემდეგ, რაც ISFED-ის დაბლოკვა გააკრიტიკეს საერთაშორისო პარტნიორებმა, ხოლო აშშ-ის საელჩომ განცხადებაში „რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით“ გაჩენილი შეკითხვებიც ახსენა, „ქართული ოცნებისა“ და პარტიიდან „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების საპასუხო კრიტიკა აშშ-ის საელჩოსკენ მიიმართა.

23 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოების სახელით, პრობლემების ჩამონათვალს ისიც დაამატა, რომ ISFED-ს აშშ აფინანსებს. „საზოგადოება ისედაც არის გაურკვევლობაში გარკვეული ფაქტების გამო. საზოგადოება ისედაც ვერ ხვდება, როგორ შეიძლება პოლიტიკურ, რადიკალურ პროცესებში იყოს ჩართული ამერიკული დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ამას ემატება ამერიკის საელჩოს გაურკვეველი ტიპის განცხადებები, ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის", - განაცხადა კობახიძემ.
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ოთხეულმა კი თქვა, რომ "ისფედის" გამოქომაგებით, საელჩო "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ "რევოლუცია უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და "ქართული ოცნება" და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ“. ეს მოსაზრებები მათ მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ მორიგ წერილშია.

ISFED-ში მაინც იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მიდგომას შეცვლის და არ გაგრძელდება ორგანიზაციის დევნა მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლოდ თვლის.

„ცხადია, მას შემდეგ, რაც ჩავარდა [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა. ეს ასე იყო და ამაზე ხმამაღლაც ვისაუბრეთ... ის აქციები მიმართული იყო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ეს მგონია, რომ არის ჩვეულებრივი ამბავი... ამის გამო დისკრიმინაცია ემსახურება ორგანიზაციის დევნას მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო... სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ ჩვენს ორგანიზაციას სურდა მონაწილეობის მიღება მთავრობის ფორმირებაში“, - უთხრა ნინო დოლიძემ რადიო თავისუფლებას, 23 აგვისტოს, „ოცნების“ ბრალდებების საპასუხოდ.

„საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის“ სამუშაო ჯგუფი შემდეგი (რიგით მეორე) შეხვედრის გამართვას 25 აგვისტოს გეგმავს.

18 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ზოგადად განიხილეს „ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია“, რომელთაგანაც - „რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხებს დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“.

„გირჩის“ დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკური ხასიათისა და პრობლემებისგან ძალიან დაშორებული დისკუსიები მიმდინარეობს“ იმ ჯგუფებში, სადაც ის არის ჩართული.

მათგან ერთი სწორედ „საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის“ სამუშაო ჯგუფია; ხოლო მეორე - „საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე“ მომუშავე ჯგუფი.

„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ნაწილში ვსაუბრობთ პარლამენტის რეგლამენტზე... მაგრამ როცა ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით სხვა კანონებშია პრობლემა - იმათ არ განვიხილავთო, რადგან ჩვენ მარტო რეგლამენტზე ვმუშაობთო. კი, სადეპუტატო კითხვის გაგზავნის წესის დახვეწა შეიძლება ზოგადად საინტერესო საკითხი იყოს, მაგრამ აშკარად არ არის მთავარი პრობლემა ზედამხედველობის ნაწილში", - ამბობს რაქვიაშვილი. ის თითქმის დარწმუნებულია, რომ 12 პუნქტის შესრულება ვერ მოხერხდება.

"საათობით გრძელდება რაღაც ლაპარაკი... აი, ჩვენ რომ რაღაც პრობლემა გვქონდეს და შევიკრიბოთ გადასაჭრელად, არასოდეს ასე არ მოვიქცევით“, - ესეც რაქვიაშვილის სიტყვებია.

ISFED-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე „გირჩის“ დეპუტატი ამბობს, რომ „ეს მხოლოდ ["ქართული ოცნების"] საბაბია, ყურადღება გადავიდეს დაპირისპირებაზე... იქ ვიღაც ბოიკოტს გამოაცხადებს, იქ ვიღაც რაღაცას იზამს და ასე“.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შექმნილმა „საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე“ მომუშავე ჯგუფმაც მორიგი შეხვედრა 18 აგვისტოს გამართა.

ამ ჯგუფის მუშაობა უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციების მეორე პუნქტს - სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობის, საპარლამენტო კონტროლისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ.

„მსჯელობა გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, რომელიც პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით რეგულირდება“, - წერია შეხვედრის შემდეგ, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„წლის განმავლობაში დაახლოებით 72 პლენარული სხდომა იმართება და აქედან ნახევარი დაახლოებით განსაზღვრულია სწორედ იმისათვის, რომ საპარლამენტო კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი და საშუალება იქნას გამოყენებული. თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს მსჯელობა და ვმუშაობთ, თუ რა ცვლილებები და სიახლეები შეიძლება იქნას შემოტანილი“, - თქვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, 18 აგვისტოს.

2 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც, 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს 9 სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფების მუშაობაში ჩართულია 4 ოპოზიციური პარტია - „საქართველოსთვის“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკუთარ კანონპროექტებზე მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG