"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-შ საელჩოს "კანონების წაკითხვისკენ" მოუწოდებს. დეპუტატი "მოსმენების კანონზე" საელჩოს კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ "სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო".
"ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო „მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ”. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება.
ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა", - ამბობს დეპუტატი.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გუშინ, 7 სექტემბერს გამოეხმაურა. საელჩო თავის განცხადებაში წერს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას აშორებს.
"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", - წერია საელჩოს განცხადებაში.
6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც დაჩქარებულად შეიმუშავეს, აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია, ისე საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ.
დაწერეთ კომენტარი