Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი ხალხის, ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით. სიმტკიცის, ღირსების და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა", - წერს „ტვიტერზე" სალომე ზურაბიშვილი.

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. ბუკინგემის სასახლემ ცნობა 96 წლის დედოფლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა 8 სექტემბრის საღამოს: „დედოფალი ბალმორალში მშვიდად გარდაიცვალა“ - წერია სასახლის განცხადებაში.

მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდება გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

ელისაბედ მეორე იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური.

უინძორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი, ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.

ელისაბედ მეორე იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

XS
SM
MD
LG