Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეველინ ფარკასი - "გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში"


ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში (2012-2015) სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, გასულ კვირაში მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში - „დიდება უკრაინას!“.


რადიო თავისუფლება: ქალბატონო ფარკას, დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. თბილისში გამართულ კონფერენციაზე თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სენატორი მაკკეინი. გამიმართლა და წლების წინ მქონდა შესაძლებლობა მასთან შეხვედრის, როცა ის თბილისში სხვა სენატორებთან ერთად ჩამოვიდა. 1 იანვარი იყო, ყველა ახალ წელსა და შობას აღნიშნავდა. ის ჩამოვიდა, რომ ქართველებისთვის კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ აშშ ამ ქვეყნის გვერდით იქნებოდა. თქვენ ბრძანეთ, რომ ის დღეს იდგებოდა საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რომ „ის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას გაეკეთებინა მეტი იმისთვის, რომ მდგარიყვნენ წინა ხაზზე,რომ რეალურად მიეღწიათ საქართველოს ხალხის სურვილისთვის ქვეყანა გამხდარიყო ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი“. ასევე ბრძანეთ, რომ ახლა არის დრო, როცა ყველა ჩვენგანმა მკაფიოდ უნდა დაინახოს ეს მომენტი, რადგან ასეთი მომენტები თაობაში ერთხელ დგება. რა რისკებს ხედავთ, რომ საქართველომ შეიძლება ხელიდან გაუშვას ასეთი მომენტი?

ერთი - ისე ჩანს თითქოს, არ დახარჯულა საკმარისი ენერგია საქართველოს წინა ხაზზე გადასასვლელად. მეორე - ალბათ, ყველაფერი არ გაკეთდა ევროინტეგრაციის პროცესის დამაჯერებლობისთვის.

ეველინ ფარკასი: იმ აგრესიული ომის ახალმა ტალღამ, რომელსაც რუსეთი ახლა აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ ფინეთსა და შვედეთს, მკაფიოდ დაანახა, რომ - პუტინი საფრთხეა. ვლადიმირ პუტინის ყველა განცხადებამ, სამხედრო მოძრაობებმა ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით დაარწმუნა ფინეთისა და შვედეთის მთავრობები და ხალხები, რომ დადგა ნატოში გაწევრიანების დრო. და, ეს იყო მომენტი, როცა ეს მათ მოისურვეს და ნატოს წევრებსაც სურდათ ამ ქვეყნების მიღება. ამ მომენტში ორი რამ ძლიერ დაემთხვა ერთმანეთს.

ძალიან უარყოფით რაღაცებს ამბობენ ჩვენს ელჩზე, რომელიც არის პრეზიდენტ ბაიდენის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ ამბობენ უარყოფით რაღაცებს ჩემს ქვეყანაზე, ჩემს პრეზიდენტზე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ამის მსგავსად, როცა ახლა უკრაინა არის იერიშის სამიზნე. პუტინი, რუსეთის მთავრობა და რუსეთის არმია უმიზეზოდ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ბავშვებს, ორსულ ქალებს, აგრეთვე ვგულისხმობ გაუპატიურებებს, წამებას - ყველაფერს, რასაც რუსეთის მთავრობა სჩადის უკრაინაში - ომის ამ ახალმა ფაზამ შეაძრწუნა საერთაშორისო თანამეგობრობა და ევროკავშირი და ევროკავშირმა თქვა - იცით, რა, უკრაინავ, თუ შეიძლება, გადმოდი წინა ხაზზე. მოლდოვის მთავრობამაც დაინახა ეს შესაძლებლობა. ეს არის რეფორმისტული მთავრობა, რომელიც გაცილებით მეტს მუშაობს, ვიდრე მოლდოვის უწინდელი მთავრობა… ანუ, მოლდოვის მთავრობამ განაცხადა - დიახ, ჩვენც გვინდა ვიყოთ წინა ხაზზე უკრაინასთან ერთად. მათ მოამზადეს ყველა საჭირო დოკუმენტი, იმუშავეს პოლიტიკურად, რომ უფრო მკაფიოდ გამოეხატათ თავიანთი სურვილი. რაღაც სხვანაირად მოხდა საქართველოს შემთხვევაში. ერთი - ისე ჩანს თითქოს, არ დახარჯულა საკმარისი ენერგია საქართველოს წინა ხაზზე გადასასვლელად. მეორე - ალბათ, ყველაფერი არ გაკეთდა ევროინტეგრაციის პროცესის დამაჯერებლობისთვის.

მე რაც მაშფოთებს - ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველო და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან. უკრაინასა და მოლდოვას საკმაოდ მალე შეიყვანენ ევროკავშირში და რა მოუვა საქართველოს?!

როცა პატარა ქვეყნის მთავრობა ხარ, უნდა გამონახო გზა, სად შეგიძლია წვლილის შეტანა იმისათვის, რომ მოიპოვო „ადგილი მაგიდასთან“. დღეს ამას ვერ ვხედავ.

რადიო თავისუფლება: თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება საქართველოს საკითხებზე მუშაობისა, ბევრ სხვა გამოცდილებასთან ერთად, იყავით აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანი. შეგიძლიათ აღწეროთ დინამიკა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის, საქართველო-ნატოს ურთიერთობის - საკმარისად აქტიურია ეს ურთიერთობები, რომ ადეკვატურად უპასუხოს და მიჰყვეს საფრთხეებს, რომლებიც სხვების მსგავსად საქართველოსთვისაც იზრდება?

ეველინ ფარკასი: უნდა ვთქვა, რომ ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ, რადგან, როცა პრეზიდენტ ობამას მთავრობაში ვიყავი, 2012-2015 წლებში, ძალიან ძლიერი ურთიერთობები გვქონდა საქართველოსთან, ძლიერი ურთიერთობა თავდაცვაში და ზოგადად ძლიერი იყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. მაქვს განცდა და ვიცი, რომ დღეს ასე არ არის.

ვიცი, რომ არიან საქართველოს სახელისუფლებო პოლიტიკური წრის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან უარყოფით რაღაცებს ამბობენ ჩვენს ელჩზე, რომელიც არის პრეზიდენტ ბაიდენის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ ამბობენ უარყოფით რაღაცებს ჩემს ქვეყანაზე, ჩემს პრეზიდენტზე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. შეშფოთებული ვარ ამით.

ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს  გვსურს.

მაშფოთებს ისიც, რომ ვერ ვხედავ ქმედებას. წარსულში, რასაკვირველია, იყო ავღანეთი და იქ ერთად ვიბრძოდით, რასაც ძალიან ვაფასებდით, მაგრამ დღეს ახალი გამოწვევებია და როცა პატარა ქვეყნის მთავრობა ხარ, უნდა გამონახო გზა, სად შეგიძლია წვლილის შეტანა იმისათვის, რომ მოიპოვო „ადგილი მაგიდასთან“. დღეს ამას ვერ ვხედავ.

თქვენ შეიძლება გქონდეთ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან (თუმცა აქ სანქციების საკითხი დგება და უნდა იფიქრო, როგორ წარმართო სავაჭრო ურთიერთობა), შეიძლება გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მაინცდამაინც ყველაფერში არ შეეწინააღმდეგო, მაგრამ რაღაც უნდა მისცე აშშ-სა და დასავლეთს, თუკი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო.

რადიო თავისუფლება: რა შეიძლება იყოს ეს რაღაც?

ეველინ ფარკასი: სანქციები. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს. ჩვენ [ამერიკა] მხოლოდ არაპირდაპირ ვაწვდით უკრაინელ სამხედროებს დახმარებას, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა. თუმცა, ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს, ვინაიდან ეს არის ის, რასაც შეუძლია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და შესაძლოა, საბოლოოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ იძულებაც.

რადიო თავისუფლება:კვლავაც მოიაზრებთ საქართველოს იმ ქვეყნების ჯგუფში?

ეველინ ფარკასი: ქვეყნებისა, რომლებსაც დემოკრატია სურთ?

რადიო თავისუფლება: დიახ.

ეველინ ფარკასი: დიახ, ასეთად ვთვლი. ეს არის ის, რაც საქართველოს ხალხს სურს.

რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით „ხალხს“.

ეველინ ფარკასი: დიახ, საქართველოს ხალხს.

რადიო თავისუფლება: არა სახელმწიფოს ან მთავრობას. ფრთხილობთ?

საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან - რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო.

ეველინ ფარკასი: ტექნიკურად მთავრობასაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ასე რომ, დიახ, სურს ხალხს და მთავრობა ლაპარაკობს მისი სახელით.

რადიო თავისუფლება: რატომ მხოლოდ ტექნიკურად?

ეველინ ფარკასი: მაქვს კითხვები მოწადინების ხარისხთან. შესაძლოა, ახლა რუსეთის მიმართ შიშიც იყოს.

რადიო თავისუფლება: რაც ბუნებრივია, ანუ მთავრობის რიტორიკის ეს ნაწილი გასაგებია ბევრისთვის.

ეველინ ფარკასი: დიახ, რაც ბუნებრივია, მაგრამ საქმე ისაა, რომ... საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან - რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო.

თუკი ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მეორე დილითვე ის მოვა აქ და შეეცდება გააკონტროლოს საქართველო და მოლდოვა.

ვლადიმირ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. ამიტომაც, როცა ის ესტონეთს ემუქრება, მე ვამბობ - არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში.

რადიო თავისუფლება: ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში.

ეველინ ფარკასი: მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. კი, ვიცი, რომ საგუშაგოებს სწევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინის მხარეს ვართ. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. შეიძლება, შეგვეკამათოთ, ამიტომ თავად ვიტყვი, რომ საქართველოს მეტად უნდა დავხმარებოდით 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა ვეხმარებით უკრაინას.

ისინი მხარს უჭერენ ამ „ოპერაციას“, მაგრამ არ უჭერენ მხარს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს, რომ ყველა კაცი უნდა წავიდეს უკრაინაში საომრად.

რადიო თავისუფლება: დარწმუნებული ხართ, რომ ნასწავლია 2008 წლის, 2014 წლის გაკვეთილები?

ეველინ ფარკასი: როცა ვლადიმირ პუტინმა ახალი შეჭრა წამოიწყო, ის უკვე იყო უკრაინაში, როგორც ის დღეს არის საქართველოში და შეუძლია ხელახლა შემოიჭრას საქართველოში, თუკი მოინდომებს და ჩათვლის, რომ ვერ აკონტროლებს საქართველოს ხალხსა და მთავრობას. მაგრამ ახლა ეს ძვირადღირებული ვარიანტია მისთვის, რადგან ახლა უკრაინით არის დაკავებული. თუმცა, თუკი ის გაიმარჯვებს უკრაინაში, მეორე დილითვე ის მოვა აქ და შეეცდება გააკონტროლოს საქართველო და მოლდოვა.

რადიო თავისუფლება: როცა განიხილავთ უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის პერსპექტივას, უფრო ხშირად რომელ ფრაზას იყენებთ - „თუკი უკრაინა გაიმარჯვებს“ თუ „როცა უკრაინა გაიმარჯვებს“?

ბევრი მიზეზია, რატომაც შეიძლება რუსეთი დამარცხდეს და უკრაინამ   გაიმარჯვოს.

ეველინ ფარკასი: კეთილი, მე ვთვლი, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის ნების და იმის გამო, რაც მათ გამოსცადეს თავიანთი ბრძოლის ისტორიის მანძილზე; დასავლეთისა და განსაკუთრებით, ჩემი მთავრობის ნების გამო, რომელსაც სურს უზრუნველყოს, რომ უკრაინა იყოს სუვერენული ქვეყანა, რომელიც გააკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას და ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის ხალხს არ სურს ომი... მიუხედავად იმისა, რომ ის პოპულარულია, ვინაიდან რუსეთის მედია მოუწოდებს ხალხს მხარი დაუჭირონ ამ „ოპერაციას“. ისინი მხარს უჭერენ ამ „ოპერაციას“, მაგრამ არ უჭერენ მხარს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს, რომ ყველა კაცი უნდა წავიდეს უკრაინაში საომრად. ამას მხარს არ უჭერენ.

რუსეთს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები. ის ახლა სანქციების ქვეშ არის, რაც მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ტექნოლოგიებზე საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის გავლით. მათ აგრეთვე გამოელევათ ფული, რადგან მათი ნავთობისა და გაზის მომხმარებლები სხვაგან ეძებენ ენერგორესურსებს. ბევრი მიზეზია, რატომაც შეიძლება რუსეთი დამარცხდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს.

საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა, განაახლოს სვლა გზაზე, რომელზეც იდგა: თავდაცვის სექტორის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი სექტორის რეფორმა - ყველაფერი, რაც დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. არც ერთი მთავრობაა სრულყოფილი.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ გაითვალისწინოს, რომ, თუკი უკრაინა დამარცხდება და პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის არ გაჩერდება! აქ, კავკასიაში კი იცით პუტინის მენტალობა. ის მოტრიალდება და შეეცდება გააკონტროლოს საქართველო და თუ დასჭირდება, ამას გააკეთებს სამხედრო გზით.

რადიო თავისუფლება: დიახ, ვიცით პუტინის მენტალობა, რამდენიმე ომი გამოვცადეთ რუსეთთან, მაგრამ საზოგადოების აღქმები განსხვავებულია. არ შემიძლია ვთქვა მასშტაბები ამ ჯგუფების. არიან ადამიანები, ვინც უკრაინას უჭერს მხარს, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ექვემდებარება შიშს - შიშს რუსეთის მიმართ. კიდევ ერთხელ რომ თქვათ - რა არის ახლა საქართველოს ხელში? რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს თავად, საკუთარი მომავლისთვის, საკუთარი პერსპექტივისთვის, უსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის?

ეველინ ფარკასი: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა, განაახლოს სვლა გზაზე, რომელზეც იდგა: თავდაცვის სექტორის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი სექტორის რეფორმა - ყველაფერი, რაც დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. არც ერთი მთავრობაა სრულყოფილი. არც უწინდელი მთავრობები იყვნენ უნაკლოები, არც ეს მთავრობაა უნაკლო, თუმცა საჭიროა გაგრძელება მცდელობისა, რომ გახდეთ უკეთესები, უფრო ძლიერი დემოკრატია, განახორციელოთ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის. როცა ამ ყველაფერს გააკეთებთ, საბოლოოდ ნატოში გაწევრიანებაც მოვა. ვთვლი, რომ საქართველომ ეს დაიმსახურა. თუმცა, ევროკავშირის წევრობა ახლა უფრო იოლად მისაღწევი ჩანს და ამ გზას უნდა მიჰყვეთ.

რადიო თავისუფლება: კონფერენციაზე, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, მოვისმინეთ კრიტიკა დასავლეთის მიმართ - რომ არასაკმარისს აკეთებს, არასაკმარისად სერიოზულად უდგება უკრაინაში ომს, არასაკმარისად კონსოლიდირებულია. რას იტყოდით ამაზე? როგორია თქვენი ხედვა ამჟამინდელ სტატუსში?

ეველინ ფარკასი: ახლა აქ ვართ ექსპერტების ჯგუფი. ბევრი ჩვენგანი აშშ-ის მთავრობაში იყო, დიპლომატიურ სფეროში ან ჩემსა და გენერალ ჰოჯესის შემთხვევაში - თავდაცვისა და სამხედრო სექტორში. ვიცით, რომ ჩვენს მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია უკრაინის დასახმარებლად და ამისკენ ვუბიძგებთ მას. თუმცა, ვიტყოდი, რომ აშშ-მა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჩვენმა მოკავშირეებმა, გერმანიის მსგავსად, ნამდვილად გააძლიერეს ძალისხმევა და არის უკრაინის მიმართ რეალური მხარდაჭერა. ეს განსხვავდება 2014 წლის მიდგომისგან, ძალიან განსხვავდება.

აქ მყოფი ექსპერტები ვთვლით, რომ არასაკმარის სამხედრო დახმარებას ვაწვდით უკრაინას, რადგან გვსურს ომის მალე დასრულება, მაგრამ არ აურიოთ ეს ერთგულებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს უკრაინის დახმარების კუთხით, ის არის კლდესავით მტკიცე...

რადიო თავისუფლება: განსხვავდება, მაგრამ რამდენად საკმარისია?

ეველინ ფარკასი: მაინც არასაკმარისია, მაგრამ ისინი ცდილობენ არაპირდაპირი გზით დაეხმარონ უკრაინას და დაასრულონ ომი რაც შეიძლება მცირე მსხვერპლითა და მისი გავრცობის რისკის შემცირებით. აქ მყოფი ბევრი ექსპერტი ვთვლით, რომ გარკვეული რისკი ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ. უნდა ავიღოთ მეტი რისკი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით, რაც გაზრდიდა სამხედრო ზეწოლას რუსეთზე, ვინაიდან ეს უფრო სწრაფად დაასრულებდა ომს და ეს იქნებოდა ყველა ჩვენგანის სწორი მოქმედება.

თუკი ომს სწრაფად არ დავასრულებთ, არა მხოლოდ მეტი უკრაინელი დაიღუპება, არამედ პოტენციურად ჩვენ ამ ომის გაგრძელება მოგვიწევს ნატოს ტერიტორიაზე. ვინაიდან, თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ის შეეცდება კონტროლის დამყარებას საქართველოსა და მოლდოვაზე, შემდეგ კი მიუბრუნდება ბალტიის ქვეყნებს და თუკი ბალტიის ქვეყნებისკენ წავა, ეს ნიშნავს ომს ნატოსთან. მას არ ანაღვლებს - თუკი გაიმარჯვებს, მერე ჩვენ მოგვსინჯავს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბევრად სახიფათო იქნება და მოიტანს იმდენად დიდ რისკსა და ესკალაციას, რომ მივალთ მსოფლიო ომამდე. ასე რომ, ჩვენ ვამბობთ - მოდით, შევაჩეროთ მსოფლიო ომი უკრაინაში.

ერთი რამ, რასაც პუტინზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, პოტენციურად შეიძლება იყოს მისი სამხედრო სექტორი, თავდაცვის ისტაბლიშმენტი, ვინაიდან კონკრეტულ მომენტში ისინი ეტყვიან პუტინს - მეტი აღარ შეგვიძლია.

ჩვენ - აქ მყოფი ექსპერტები - ვთვლით, რომ არასაკმარის სამხედრო დახმარებას ვაწვდით უკრაინას, რადგან გვსურს ომის მალე დასრულება, მაგრამ არ აურიოთ ეს ერთგულებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს უკრაინის დახმარების კუთხით, ის არის კლდესავით მტკიცე, იგივეა ევროპელების დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობ, მათ სურთ ამ ომის გათრევა, ჩვენ კი ვთვლით, რომ ამ გათრევაში არის საფრთხე. ხომ გესმით? ასე რომ ძალიან მტკიცე ერთგულებაა და ის განსხვავდება იმ დროისგანაც კი, როცა ობამას ადმინისტრაციაში ვმსახურობდი. აბა, შეხედეთ გერმანიის მთავრობას, როგორ შეიცვალა მათი მოქმედებები და მათი სიტყვები 2014 წლის შემდეგ.

რადიო თავისუფლება: ხედავთ ომის დასასრულს და როგორ ხედავთ მას?

ეველინ ფარკასი: ომის დაასრულს ვხედავ, მაგრამ ეს კვლავ უკავშირდება იმას, რამხელა დახმარების და რა სისწრაფით მიწოდება შეუძლია დასავლეთს უკრაინისთვის. რადგან, დიდი ალბათობით, ომი დასრულდება უფრო მალე, თუკი მეტ აღჭურვილობას და სწრაფად მივაწვდით უკრაინას, სანამ რუსეთის არმია სუსტია, ვიდრე მათი ეკონომიკა იფიტება. არ ვთვლი, რომ დრო მათზე [რუსეთზე -რ.თ.] მუშაობს, მაგრამ შესაძლოა, დროთა განმავლობაში მათ შეძლონ არმიის აღდგენა - ეს ღია კითხვად რჩება. არ ავიღებდი ამ რისკს, რადგან ახლა ძალიან დასუსტებულები არიან. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ მეტი ძალის გამოძახებას, მაგრამ არა უადრეს იანვრისა და ესენი ალბათ იქნებიან უფროსი ასაკის კაცები. ასე რომ, რუსები ახლა დასუსტებულები არიან და ჩვენ უნდა შევეცადოთ ომი უფრო სწრაფად დავასრულოთ.

ბირთვული გათვლები პუტინისთვის წამგებიანია. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რას ამბობს და რას აკეთებს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო თანამეგორბობაში არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც გაცილებით შეშფოთდებიან.

რადიო თავისუფლება: რეალისტურია, რომ ამ ზამთარსვე მოხდეს?

ეველინ ფარკასი: გავიმეორებ, თუკი მივაწვდით მაქსიმალურ დახმარებას და თუკი რუსეთის არმიის ნება გატყდება. ერთი რამ, რასაც პუტინზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, პოტენციურად შეიძლება იყოს მისი სამხედრო სექტორი, თავდაცვის ისტაბლიშმენტი, ვინაიდან კონკრეტულ მომენტში ისინი ეტყვიან პუტინს - მეტი აღარ შეგვიძლია.

რადიო თავისუფლება: არავის სურს ამის ხილვა, მაგრამ შესაძლებელია, რომ გარკვეული სახის ინციდენტმა ზაპოროჟიეს მსგავს ადგილას, შეცვალოს დასავლეთის, აშშ-ის, ნატოს დამოკიდებულება, მოქმედებების ხასიათი?

ეველინ ფარკასი: შესაძლებელია - საერთაშორისო თანამეგობრობისა, რადგან იქნებიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ახლა უფრო ნეიტრალურები არიან და ასეთ შემთხვევაში აღელდებიან, განსაკუთრებით, თუკი რუსეთი იქნება დამნაშავე. ბირთვული გათვლები პუტინისთვის წამგებიანია. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რას ამბობს და რას აკეთებს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან საერთაშორისო თანამეგორბობაში არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც გაცილებით შეშფოთდებიან. ასე რომ, ვფიქრობ, პუტინი ფრთხილად უნდა იყოს.

ინტერვიუს ორგანიზებისთვის რადიო თავისუფლება მადლობას უხდის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს (EPRC)

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG