Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონო „ბორდერიზაციის“ მორიგი ფაქტი დადასტურდა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

19 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნეს, რომლებიც ე.წ. საოკუპაციო ღობეებს ამონტაჟებდნენ. ისინი ოკუპირებულ სოფელ არცევიდან გადმოვიდნენ.

დღის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონო „ბორდერიზაციის“ მორიგი ფაქტი დაადასტურა. სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული წარმოადგენს 2021 წელს დაწყებული უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელებას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშნულ ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, ისევე როგორც დაკავებების დესტრუქციული პრაქტიკა ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება".

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე ამ შეხვედრაზე უკანონო „ბორდერიზაციის" გაპროტესტების გარდა, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასაც მოითხოვს. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში ე.წ. სასჯელს საქართველოს 4 მოქალაქე იხდის.

XS
SM
MD
LG