Accessibility links

site logo site logo

რით დამთავრდა ბადრი ესებუას დევნა? 


სად არის ბადრი ესებუა? ამ კითხვით ბოლო ორი წელია ჟურნალისტები შსს- მიმართავენ. შსს დღემდე ირწმუნება, რომ მის დაკავებაზე გულდასმით მუშაობს, მიუხედავად ამისა, ყოფილი სამხედრო, რომელმაც 2020 წელს ზუგდიდის ბანკში 43 მძევალი აიყვანა, დღემდე თავისუფალია.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, 43 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. მოლაპარაკება 8 საათი გრძელდებოდა. თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა, ღამით კი სამ მძევალსა და ავთანდილ გალდავასთან (სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი) ერთად ბანკი მანქანით დატოვა.

22 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ყოფილმა მძევალმა, ლაშა შენგელიამ კი თქვა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაუშვეს. იმავე დღეს შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელმა ფული ავთანდილ გალდავასგან მიიღო, თუმცა, მოთხოვნილი თანხა ბანკმა გადაიხადა.

26 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ესებუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჩემი შვილი ბადრი ესებუა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00

მიუხედავად იმისა, რომ გამოძება უკვე ორი წელია მიმდინარეობს, ბადრი ესებუას შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. შსს გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

„უკვირს ხოლმე, ასევ ვთქვათ, ოპოზიციას, რა ხდება? რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. აუცილებლად დავაკავებთ“, - თქვა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, 31 მაისს კი ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა: ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს...“. 23 ივნისს დააკონკრეტა: იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა“.

ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? - ჰკითხა უკვე ერთი წლის შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს, როდესაც პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა, - საქართველოს ტერიტორიაზეა თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ ნახევარი მილიონი დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?“

მართალია, ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ დააკავეს მისი ძმა ბიძინა ესებუა, რომელიც, შსს-ს ვარაუდით, ძმას თავდასხმაში ეხმარებოდა. ის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მას იარაღიც და ასაფეთქებელი მოწყობილობაც პოლიციამ „ჩაუდო“, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბიძინა ესებუას 4 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

2020 წელს მომხდარის შემდეგ საქართველოში ბანკებზე თავდასხმის კიდევ რამდენიმე შემთხვევა მოხდა.

2020 წელს ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასატორი. ამავე წლის ნოემბერს კაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სათამაშო იარაღით შევიდა და პოლიტიკურ-სოციალური მოთხოვნები წამოაყენა. 27 ნოემბერს დიღომში თავს დაესხნენ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს. „საქართველოს ბანკი“ კვლავ დააყაჩაღეს 2021 წლის სექტემბერში, ამჯერად ყვარელში, აპრილში კი - სამგორისა და აფრიკის ფილიალებში. 2022 წლის ივნისში თავდასხმა მოხდა ბათუმის „საქართველოს ბანკის“ ფილიალზეც. ბადრი ესებუასგან განსხვავებით, უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავებმა თავდამსხმელების დაკავება მოახერხეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG