Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, რადგან "გეგმა გადაჭარბებით" შეასრულა


ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. რადიო თავისუფლების პროექტ Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, კადიროვმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“.

სიუჟეტი გროზნოში ჩატარებული თათბირის შესახებ 22 სექტემბერს აჩვენა ადგილობრივმა სახელმწიფო ტელეკომპანიამ. კადიროვის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩნეთიდან მონაწილეობა უკვე მიიღო 20 ათასმა ადამიანმა და გეგმა 254%-ითაა შესრულებული. რა გეგმაზეა საუბარი, კადიროვს არ უთქვამს.

ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებითვე, უკვე მობილიზებული და უკრაინაში გაგზავნილი არიან ნათესავები იმ ქალების, რომლებმაც გროზნოში სცადეს ანტისაომარი მიტინგის გამართვა.

გროზნოში ქალების აქცია 21 სექტემბერს გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ჩეჩენი უფლებადამცველის, იბრაჰიმ იანგულბაევის ინფორმაციით, მიტინგის მსვლელობისას 130 ქალი დააკავეს, მათი ოჯახების წევრ კაცებს კი, იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომ უკრაინაში მოხალისეებად მიდიან.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

XS
SM
MD
LG