Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეცნიერო პროექტები პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ ფინანსდება - უცხოელი მეცნიერების წერილი რუსთაველის ფონდს


შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი

მეცნიერები ევროპის და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, რომლებიც რუსთაველის ეროვნული ფონდის სამეცნიერო პროექტების შერჩევის პროცესში იყვნენ ჩართული, ფონდის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას წერილს სწერენ და აფრთხილებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ახალი კონკურსანტების არჩევის პროცესს და იმას, რამდენად მიეცემათ მეცნიერებს გამარჯვებული პროექტების განხორციელების უფლება.

განცხადების ფონია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წინა კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის უკან გაწვევა ეროვნული მუზეუმის დირექტორატის მიერ, რომელთაგან 12-მა საბოლოოდ დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა, თუმცა იმის გამო, რომ მეცნიერების ნაწილს შეზღუდული აქვს მუზეუმის ფონდებზე წვდომა და გართულებული არქეოლოგიური გათხრების ნებართვის მიღება, პროექტების სრულყოფილად განხორციელება ვერ შეძლეს. დაფინანსების გარეშე დარჩა დირექტორატის გადაწყვეტილებით ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების პროექტი, რომლის ავტორებიც ფიქრობენ, რომ დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი არიან.

წერილზე ხელმომწერი მეცნიერები სხვადასხვა დროს, მათ შორის, გასულ წელსაც მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსების შერჩევის პროცესში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის სამეცნიერო ფონდი (ESF) უწევს.

“ამ წლის დასაწყისში, ჩვენ და ჩვენმა კოლეგებმა შევაფასეთ 13 პროექტი, რომელიც კონკურსზე წარმოდგენილი იყო 2021 წელს და რომელმაც მოიპოვა რუსთაველის ფონდის დაფინანსება. თუმცა, ამ გრანტების მიმღებებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახლადშექმნილმა „დირექტორატმა“ წმინდა პროცედურული ნიშნით უარი უთხრა პროექტებისთვის საჭირო თანხის მიღებაზე. ამ დირექტორატში შედიან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც მხარი დაუჭირა 13 პროექტის დაფინანსებას და ოთხი ახლადდანიშნული წევრი, რომელთაგან მხოლოდ ერთია პროფესიულად დაკავშირებული ისტორიასა და სოციალურ მეცნიერებასთან - მან ამ პროექტების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მიუხედავად იმისა, რომ გრანტების უმეტესობას ქართველი და უცხოელი მეცნიერების პროტესტის ფონზე საბოლოოდ მიეცა წვდომა დაფინანსებაზე, ერთი მათგანი კვლავ დაბლოკილია. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმიდან და ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებისა და დაქვეითების, ასევე არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვების შეფერხებით გაცემის გამო.

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ მკვლევართა უმრავლესობას ჰქონდა გრანტები რუსთაველის ფონდიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მეცნიერებმა ვერ შეძლეს კვლევების განხორციელება მუზეუმში დაწესებული აკრძალვების გამო, ვგულისხმობთ ფონდებში შესვლისა და მუშაობის გართულებულ წესს.

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა ოფიციალური წერილით მიმართეს დირექტორატს ფონდებში მუშაობის უფლების მისაღებად, თუმცა მათ პასუხი ამ მოთხოვნაზე არ მიუღიათ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი საჯარო დაწესებულებაა და შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს შევიდეს იქ და კვლევითი საქმიანობისთვის იმუშაოს ფონდებში.

ჩვენი მონაწილეობა რუსთაველის ფონდის საკონკურსო პროექტების წინადადებების განხილვის პროცესში ეფუძნება რწმენას, რომ საქართველოში კვლევითი პროექტები საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ისტორიულ მეცნიერებებში უნდა შეფასდეს იმავე სტანდარტებით, რაც ევროპაში, ამერიკაში და სხვაგან არის მიღებული.

სამეცნიერო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება ამ პროექტების ღირებულებიდან და მასში ჩართული მეცნიერების კომპეტენციიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, რამდენად ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ ან როგორია მათი მოსაზრებები მთავრობის პოლიტიკის მიმართ”, - ნათქვამია წერილში, რომლის ადრესატებიც არიან რუსთაველის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია და განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. არცერთ მათგანს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას შექმნილ პრობლემებზე ამ დრომდე საჯაროდ არ უსაუბრია.

წერილს ხელს აწერენ:

  • ქევით თუითი, ანთროპოლოგი, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • პოლ მენინგი, ანთროპოლოგი, ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ენტონი ისტმონდი, ხელოვნების ისტორიკოსი, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • დონალდ რეიფილდი, ქართველოლოგი, დედოფალ მერის ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი;
  • ემა ლუზლი ლიმინგი, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ქრისტიანობის პროფესორი, ექსტერის უნივერსიტეტი;
  • პაოლო ბიაჯი, არქეოლოგი, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი;
  • მათიას პელკმანსი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა;
  • რებეკა რუთ გოულდი, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • იოსტ გიპერტი, ქართველოლოგი, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • დომინიკ გუთმეირ შნური, ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, კალიფორნიის უნივერსიტეტი [UCLA];
  • ჯორჯ გერები, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ალისა ჰარისი, ენათმეცნიერი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი;
  • ანეგრეტ პლონტკე ლუნინგი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ბერნარ უტიე, ქართველოლოგი, მადრიდის უნივერსიტეტი;
  • ვინფრიდ ბოედერი, ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ივან ფოლეტი, ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • სიუზან ფელინგი, გოეთეს უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
  • იოანა ჩიტორანი, ენათმეცნიერი, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მიშელ დანიელი, ენათმეცნიერი, ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG