Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროტესტის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა


სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სოლიდარობის აქცია გამართეს ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა 22 წლის მაჰსა ამინი, ქალთა უფლებების დამცველი. აქციის მონაწილეები, ძირითადად, საქართველოში მყოფი ირანელები იყვნენ.

სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში

"ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება", - ეს იყო აქციის სლოგანი, რომელიც ძლიერი წვიმის მიუხედავად არ დაშლილა.

"ქალი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ქალია. ირანელი თინეიჯერი გოგოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მიმართვას და სთხოვენ მსოფლიოს თანადგომას. ირანელი ქალები წვავენ ჰიჯაბებს, მასიურად იჭრიან თმებს და სთხოვენ მსოფლიოს დაუდგეს გვერდში", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში

როგორ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მესია ბაჰმანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სურთ ამ აქციით მსოფლიოს გააგონონ ხმა, რომ მათ დახმარება სჭირდებათ.

სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში

"ჩვენ არ გვინდა ისლამური რესპუბლიკა, ჩვენ გვინდა ირანის დაბრუნება. მე ვარ ხალხის ხმა. ჩემს ქვეყანას სისხლის სუნი ასდის. გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს ხალხს. ჩემი ხალხი სიბნელეში კვდება. ჩვენს ხალხს უყვარს მთელი მსოფლიო.

ჩემი სურვილია, ჩემი ქვეყნის რეჟიმი შევცვალო და ირანში ხალხი იყოს უსაფრთხოდ. ჩვენს ლიდერს მსოფლიოში აქვს პრობლემები, რადგან ის ტერორისტია", - უთხრა რადიო თავისუფლებას მესია ბაჰმანმა.

სოლიდარობის აქცია თბილისში
სოლიდარობის აქცია თბილისში

აქციის მონაწილე ქალებმა და რამდენიმე კაცმა პერფორმანსი მოაწყეს და თმა მოიჭრეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ შარიფი ამბობს, რომ ეს არის იმის გამოხატვა, რომ მათ თმა არ ადარდებთ.

პერფორმანსი: აქციის მონაწილეები თმას იჭრიან
პერფორმანსი: აქციის მონაწილეები თმას იჭრიან

"რატომ გვხოცავთ თმების გამო? ისინი ამით აჩვენებენ - ეს ჩემი თმაა! რასაც მინდა, იმას ვუზამ", - ამბობს ის.

22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო. დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ იგი "გულის მოულოდნელი შეტევით" გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა დაკავებისას ამინის თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს. ამინის ნათესავების თქმით, მას არასოდეს ჰქონია გულის პრობლემები.

აქციების მსვლელობისას რამდენიმე ქალმა ჰიჯაბი დემონსტრაციულად მოიხსნა და ჰაერში ააფრიალა, ორმა - ჰიჯაბებს ცეცხლი წაუკიდა, კიდევ ერთმა კი - საჯაროდ შეიჭრა თმა. ზოგიერთ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, გვარდიელები დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდნენ.

1979 წლის ირანის რევოლუციით შემოღებული კანონებით, ქალებს საჯაროდ მოკრძალებულად უნდა ეცვათ და ჰიჯაბს უნდა ატარებდნენ. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მორალის პოლიცია, რომელშიც შედიან როგორც კაცი, ისე ქალი თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG