Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეში


დოსტოევსკიმ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა კაცობრიობას. და განსაკუთრებით - რუსეთს. მისი ციტატები დღითიდღე მრავლდება სოკოებივით. სად აღარ შეგხვდება ეს გამონათქვამები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წიგნებში, სტატიებში, ლექციებში, საუბრებში, ინტერნეტ-პორტალებზე, სიმღერებში. კედლებზეც კი, სტენსილის სახით, როგორც რომელიმე პოპ-ვარსვკლავის პწკარი ცნობილი სიმღერიდან. ზოგიერთი უცებ ხორცს შეისხამს ხოლმე და ხედავ, როგორ გაცოცხლდა ესა თუ ის მისი ციტატა სიტყვა-სიტყვით.

ნახევარ წელიწადზე მეტია, მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ გაცოცხლდა დოსტოევსკის სიტყვები პირდაპირ ეთერში. „არსება ვარ მოცახცახე თუ უფლება მაქვს?“ პუტინმა დაიჯერა, რომ მას უფლება აქვს. ნგრევის. წამების. ჟლეტის. რამდენი ადამიანი მოკვდა მისი ახირების გამო დღემდე. და კიდევ რამდენი მოკვდება მობილიზაციის გამოცხადებით.

პუტინი დამარცხდა უკრაინასთან ომში. ეს მისი დიდი ფიასკოა. მისი ფინალი. რომლის გადავადებასაც ახლა მობილიზაციით ცდილობს. თითქოს სიკვდილის გამრავლება მის აგონიას გააჭიანურებს. მას უნდა, რაც შეიძლება მეტი გვამი დაახვავოს, რომ თვითონ ლეშის უკან ჩაიმალოს.

არის ერთი საჭირო წიგნი, ნიკოლაი ნიკულინის „მოგონებები ომზე“. ეს მძიმე მემუარებია, სადაც შეულამაზებლად არის ნაჩვენები ორივე მხარის, ჰიტლერისა და სტალინის არმიათა სისასტიკე. მაგრამ აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. ნიკულინი ჰყვება, როგორ არაფრად უღირდა ადამიანის სიცოცხლე მის სამშობლოს. ნიკულინმა მთელი ომი ფეხით გაიარა, ლენინგრადიდან ბერლინამდე ჩააღწია და თითქმის ყველა ის შეტაკება აღწერა, რომელშიც ხუთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა. სტრატეგიულ ობიექტებზე გამაგრებული გერმანელების წინააღმდეგ საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობა უსასრულოდ აგზავნიდა და აგზავნიდა ჯარისკაცებს. ეს არავითარი სტრატეგია არ ყოფილა, მხოლოდ სასაკლაო. სტალინმა ხორცით აჯობა ჰიტლერს. გვამებით გადაწონა ომის სასწორი. ნიკულინი ჰყვება, ზოგჯერ იმდენი გვამი გროვდებოდა ბრძოლის ველზე, მათზე აცოცება, გადაბობღება გვიწევდა, როგორც მთაზე და მთაგრეხილზეო. ბოლოს გერმანელებს უბრალოდ ტყვიები უთავდებოდათ. ცალკე ამბავია ბერლინის ასაღებად რამდენი ადამიანი გასწირა მარშალმა ჟუკოვმა, ოღონდაც სტალინს ერთი ნაბიჯით ადრე შეესწრო მოკავშირეთა არმიისთვის.

და მაინც, პუტინის ფონზე, ორივე, ჰიტლერიცა და სტალინიც, რაღაც სიმაღლეს მაინც ინარჩუნებს ბოროტების იერარქიაში. ასე რომ, როცა პუტინს ერთს ან მეორეს ადარებენ, ეს იმდენად ჰიტლერისა და სტალინის დაკნინება კი არ გამოდის, რამდენადაც პუტინის განდიდება. არადა, აქაც ვერ ივარგა. პუტინი ბოროტებაშიც მღილი აღმოჩნდა - პირუტყვი მოცახცახე, რომელსაც მალე ჩამოერთმევა ყოველგვარი უფლება. მას კი ჰგონია, რომ ლეშის უკან ჩაიმალება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG