Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა როჯერ უოტერსმა უკრაინის შესახებ განცხადებების გამო გააუქმა პოლონეთში კონცერტი


როჯერ უოტერსი
როჯერ უოტერსი

ჯგუფ Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტები იმ უარყოფითი რეაქციის გამო, რომელსაც იწვევს მისი პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ პროვოცირების გარეშე დაწყებულ ომზე, იუწყება პოლონეთის მედია 24 სექტემბერს.

ქალაქ კრაკოვის საკონცერტო მოედნის წარმომადგენელმა - სადაც უოტერსს აპრილში ორი კონცერტი უნდა გაემართა - თქვა, რომ კონცერტები აღარ ჩატარდება. "როჯერ უოტერსის მენეჯერმა გადაწყვიტა მათი გაუქმება... მიზეზის დასახელების გარეშე", - ამბობს Tauron Arena Krakow-ის თანამშრომელი ლუკაშ პიტკო 24 სექტემბერს. მისი სიტყვები მედიით გავრცელდა. კრაკოვში 21 და 22 აპრილს დანიშნული კონცერტების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება უოტერსის ვებსაიტზე.

კრაკოვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მომავალ კვირაში კენჭისყრა უნდა გაემართათ წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს უოტერსის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას უკრაინის ომთან მიმართებით მუსიკოსის პოზიციის გამო. მიმდინარე თვეში უოტერსმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც უკრაინის "ექსტრემისტი ნაციონალისტები" დაადანაშაულა ქვეყნის "ამ კატასტროფული ომის გზაზე" დაყენებაში. უოტერსი ასევე აკრიტიკებს ნატოს - მას რუსეთის პროვოცირებაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG