Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენეთა კავშირი იმარჯებს


Fratelli d'Italia-ს თავმჯდომარე ჯორჯა მელონი
Fratelli d'Italia-ს თავმჯდომარე ჯორჯა მელონი

იტალიის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, Fratelli d'Italia-ს ("იტალიის ძმები") გარშემო გაერთიანებულმა ძალებმა მოიპოვეს გამარჯვება 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში და მოსალოდნელია, რომ კავშირი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში აშკარა უმრავლესობას დაისაკუთრებს.

როგორც ჩანს, ჯორჯა მელონი გახდება იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყველაზე მემარჯვენე მთავრობის მეთაური იქნება.

თითქმის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ მემარჯვენე ბლოკს უნდა ჰქონდეს სოლიდური უმრავლესობა პარლამენტის ორივე პალატაში, რაც იტალიას მისცემს პოლიტიკური სტაბილურობის იშვიათ შესაძლებლობას წლების განმავლობაში არეულობისა და მყიფე კოალიციების შემდეგ.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ არა საბოლოო, არამედ საწყის წერტილში, ხვალიდან უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ღირსება", - მიმართა 45 წლის მელონიმ თავისი ნაციონალისტური პარტიის მხარდამჭერებს.

Fratelli d'Italia-მ ამომრჩეველთა ხმების 25 % მიიღო. ერთად, Fratelli d'Italia, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მეტეო სალვინის Lega და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის Forza Italia ხმების 43 %-ს ფლობენ. Fratelli d'Italia, რომელმაც წინა არჩევნებში ხმების მცირე რაოდენობა მოიპოვა, ხშირად პოსტფაშისტურ პარტიად მოიხსენიება. ის არის იტალიის ფაშისტი დიქტატორის, მუსოლინის, ყოფილი მოხელეების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული მოძრაობის, Movimento Sociale Italiano-ს ერთ-ერთი მემკვიდრე პარტია.

მემარცხენე-ცენტრისტული კავშირი, რომელშიც "დემოკრატიული პარტია" და სხვა ძალები შედიან, 26 %-ს დასჯერდა.

ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურ Movimento 5 Stelle-ს ("ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას") ამომრჩევლების 15 %-მა დაუჭირა მხარი.

ამომრჩეველთა აქტიურობამ მიაღწია 64 პროცენტს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG