Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს, რომ უკრაინის 4 რეგიონი რუსეთს შეუერთდა


უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს კიშინიოვში უჭირავს პლაკატი წარწერით: ხერსონი უკრაინაა. 2022 წლის ივლისი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ფედერალური კრებისადმი მიმართვას გამოიყენებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების გამოსაცხადებლად. პუტინმა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას - დუმას და ფედერაციის საბჭოს 30 სექტემბერს უნდა მიმართოს.

რუსეთი საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს, 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ტერიტორიების შეერთების გამოცხადება აღქმული იქნება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლებად და კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას განამტკიცებს, თუმცა, ამ მცდელობებს არყევს ის გარემოება, რომ ქვეყნის შიგნით იზრდება ინფორმირებულობა ბრძოლის ველზე რუსეთის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შესახებ და „ნაწილობრივი მობილიზაციით“ გამოწვეული შეშფოთება.

დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG