Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ე.წ. რეფერენდუმებს უწოდა რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს. 2022 წლის 27 სექტემბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს. 2022 წლის 27 სექტემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე განახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, მსოფლიოს პუტინთან სალაპარაკო აღარაფერი უნდა ჰქონდეს.

27 სექტემბერს, ზელენსკიმ ონლაინ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც უკრაინის 4 ოლქში ე.წ. რეფერენდუმების საკითხს განხილავდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს არის სხვა სახელმწიფოსთვის ტერიტორიების მოპარვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების წაშლის მცდელობა და მისი აღკვეთის გზაა რუსეთის გარიცხვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა, უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა და იურიდიული ძალის მქონე უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების აღიარება იქნება ე.წ. ყირიმის სცენარის რეალიზაცია და უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის მცდელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან სალაპარაკო აღარაფერია, ის მარტო რჩება მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ და სწორედ ეს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს პუტინს მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ე.წ. რეფერენდუმებს უწოდა რუსეთის მიერ მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი და განაცხადა, რომ ავტომატების ლულის ქვეშ ადამიანებს აიძულებდნენ რაღაც ქაღალდების შევსებას სატელევიზიო სურათის შესაქმნელად.

უკრაინის ოთხი ოლქის პრორუსულმა, დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგები“, რომელთა თანახმად, „ოქმების 100%-ის შეჯამებით", ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა.

რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიების მტკიცებით, ლუგანსკში „რეფერენდუმში“ მონაწილეობა მიიღო 1 662 607-მა „ამომრჩეველმა“ (94.15%), ზაპოროჟიეში 541 093-მა(85%), დონეცკში 2 131 207-მა (97.51%) და ხერსონში 571 001-მა(78.86%).

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ ამ „საბოლოო შედეგების“ გამოცხადებამდე, ტელეგრამ-არხზე დაწერა: „რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხს, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განიხილავს რუსეთის ფედერაციის საბჭო. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა პრეზიდენტ პუტინს მიმართა, რომ ლუგანსკი რუსეთის შემადგენლობაში მიიღოს "რეფერენდუმის" დასრულებიდან მეორე დღესვე, 28 სექტემბერს.

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG