Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ "რეფერენდუმების" მონაწილეებს იარაღით კიევისგან "იცავდნენ"


გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ პროპაგანდისტული უწოდა ცნობებს, რომ უკრაინაში ხალხს აიძულებდნენ ე.წ. რეფერენდუმებში მონაწილეობას. 27 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ნებენზიამ განაცხადა, რომ „ჯარისკაცები, რომლებსაც ტელევიზორში ხედავდნენ, რეფერენდუმების მონაწილეებს იცავდნენ უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციებისგან“.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, ნებენზიამ ისიც თქვა, რომ "დღეს კიევს ზურგი აქციეს არა მხოლოდ ყირიმმა და დონბასმა, არამედ ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებმაც და ამ პროცესის გაგრძელება გარდაუვალი იქნება, თუ კიევი არ გააცნობიერებს თავის შეცდომებს და სტრატეგიულად არასწორ გათვლებს" და დასავლეთის ნების აღსრულების ნაცვლად, არ დაიწყებს "საკუთარი მოქალაქეების ინტერესებით ხელმძღვანელობას". ნებენზიამ დასავლეთი დაადანაშაულა „ორი მოძმე ხალხის შუბლებით შეჯახებასა“ და ამით სარგებლის მიღებაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საფუძველზე განახორციელებს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, მსოფლიოს პუტინთან სალაპარაკო აღარაფერი უნდა ჰქონდეს.

უკრაინის ოთხი ოლქის პრორუსულმა, დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი, ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგები“, რომელთა თანახმად, „ოქმების 100%-ის შეჯამებით", ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა.

რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიების მტკიცებით, ლუგანსკში „რეფერენდუმში“ მონაწილეობა მიიღო 1 662 607-მა „ამომრჩეველმა“ (94.15%), ზაპოროჟიეში 541 093-მა(85%), დონეცკში 2 131 207-მა (97.51%) და ხერსონში 571 001-მა(78.86%).

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ ამ „საბოლოო შედეგების“ გამოცხადებამდე, ტელეგრამ-არხზე დაწერა: „რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, რომლებსაც 2014 წლიდან პრეტენზია "დამოუკიდებლობაზე" ჰქონდათ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდ ნაწილზეც. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG