Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი


იულია ვიშნევეცკაია
იულია ვიშნევეცკაია

მაჰაჩყალის სასამართლომ 5 დღით პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტს, დოკუმენტალისტ იულია ვიშნევეცკაიას, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდებით. იგი 26 სექტემბერს დააკავეს.

ამის შესახებ ვიშნევეცკაიას ადვოკატმა, აიდა კასიმოვამ განაცხადა. რადიო თავისუფლების მონაცემებით, ჟურნალისტი სასჯელის მოსახდელად დაღესტნის სოფელ ყარაბუდახკენტში გადაიყვანეს.

სასამართლოზე ვიშნევეცკაიამ განმარტა, რომ როგორც ჟურნალისტი, რედაქციის დავალებით მივიდა აქციაზე, რათა გაერკვია მოქალაქეების აზრი მობილიზაციაზე.

დაკავების შემდეგ ვიშნევეცკაია, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტები, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბევრს ტელეფონები ჩამოართვეს. ადვოკატებს მათი ნახვის უფლება დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ.

რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ დაგმო ჟურნალისტისა და დოკუმენტალისტის დაკავება. "რუსეთის აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე იულია მხოლოდ ჟურნალისტის საქმე აკეთებდა. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა ჯეიმი ფლაიმ.

  • 26 სექტემბერს მაჰაჩყალაში გამართულ სპონტანურ აქციაზე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მოხდა მასობრივი ჩხუბი. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ დაახლოებით 110 ადამიანი დააკავა.
XS
SM
MD
LG