Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ების ვარაუდით, შესაძლოა, შსს ჩრდილოკავკასიელებს დისკრიმინაციული მიდგომის გამო არ უშვებდეს ქვეყანაში


ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი
ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კავკასიური სახლი" და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილოკავკასიელებს, შესაძლოა, დისკრიმინაციული მიდგომის გამო არ უშვებს ქვეყანაში. არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ, შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

"ცხადია, ვაღიარებთ საზღვრის კვეთის პროცესში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე ცხადია ისიც, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება ზოგჯერ საიდუმლო ინფორმაციას შეიძლება ეფუძნებოდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი თვითნებობის და დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე წარიმართოს და მასზე ქმედითი და დროული სასამართლო კონტროლი არსებობდეს", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოკავკასიელების მიმართ უსაფრთხოების პოლიტიკა ხშირად წინასწარგანწყობებსა და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს ეფუძნება:

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უნდა იაზრებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ისტორიულ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან და განსაკუთრებით სამხედრო მობილიზაციის პირობებში უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ დილემებს, დღეს მათ მიმართ უფრო მოქნილ და მხარდამჭერ მიდგომებს არ ირჩევს".

საზღვარზე ჩრდილოკავკასიელებისთვის პრობლემის შექმნაზე რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის წინაც წერდა. ჩრდილოკავკასიელების ნაწილი ჩივის, რომ საქართველოში შემოსვლაზე მესაზღვრეები მათ უმრავლესობას, მიზეზის აუხსნელად, უარს ეუბნებიან და უკან აბრუნებენ.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე მოქმედ სახმელეთო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

XS
SM
MD
LG