Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის მუფთის ცოლი პუტინს სთხოვს, გადაავადოს მობილიზებულთა ომში გაგზავნა


მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ცენტრთან, მაჰაჩყალა, დაღესტანი
მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ცენტრთან, მაჰაჩყალა, დაღესტანი

დაღესტნის მუფთის ცოლი და მრჩეველი აინა გამზატოვა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვს, რესპუბლიკის მცხოვრებთ მობილიზაციის გამოცხადებიდან ნახევარი წლით გადაუვადოს ომში გაგზავნა, რათა მათ სასწავლო ცენტრებში მომზადებისთვის დრო მიეცეთ. გამზატოვამ ფაქტობრივად აღიარა, რომ დაღესტნიდან უკრაინაში მიჰყავთ საომარი მოქმედებებისთვის მოუმზადებელი პირები.

განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა დაღესტნის სამუფთოს ტელეგრამის არხზე, გამზატოვა ამბობს: "გამოცხადებული რიცხვის, 300 ათასის და რუსეთის ფედერაციის სუბიექტების გათვალისწინებით, დაღესტანმა, ისევე როგორც ჩეჩნეთმა, შეასრულა მობილიზაციის გეგმა". გამზატოვა დასძენს: "დღეს რესპუბლიკიდან ომში მიდის აბსოლუტურად მოუმზადებელი ახალგაზრდობა, რომელმაც არც ომის წარმოების ტექნიკა იცის და არც არანაირ იარაღს იცნობს".

გამოქვეყნებიდან ერთ საათში, გამზატოვას მიმართვას ათასზე მეტი თანხმობის რეაქცია ჰქონდა.

22 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ ჩატარდება, რადგან უკრაინის ომში რესპუბლიკამ "გეგმა გადაჭარბებით შეასრულა". თუმცა, რამდენიმე დღეში ჩეჩნეთის ლიდერის პრესმდივანმა, ილმან ვახიდოვმა ტელეარხ "გროზნის" უთხრა, რომ ჩეჩნეთში მობილიზაციის გაუქმების შესახებ ცნობა გაავრცელეს "არა რუსეთის მედიასაშუალებებმა, არა ჩვენი რესპუბლიკის მედიასაშუალებებმა", არამედ "ოპოზიციურად განწყობილმა გამოცემებმა ტელეგრამ-არხებით", და არ შეესაბამება სინამდვილესო.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების დასახმარებლად 21 სექტემბერს გამოაცხადა მობილიზაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. ბრძანებაში მობილიზაცია განსაზღვრულია როგორც ნაწილობრივი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული გაწვევის საკითხზე. ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ უწყებებს უგზავნიან სამხედრო გამოცდილების არმქონე პირებს, განსაზღვრულ ასაკზე უფროს პირებს და ასე შემდეგ.

25 და 26 სექტემბერს მაჰაჩყალაში საპროტესტო აქციები გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ. გამოცემა Кавказ.Реалии იუწყებოდა, რომ 25 სექტემბერს დააკავეს 120-მდე მოქალაქე, მათგან რვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. მომდევნო დღეს პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს 110-მდე პირი, მათ შორის სულ მცირე 28 არასრულწლოვანი. 20-დე პირის დაკავების შესახებ ცნობები გავრცელდა ხასავიურტიდანაც, სადაც მობილიზაციის წინააღმდეგ ასევე გაიმართა სტიქიური მიტინგი.

XS
SM
MD
LG