აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.
წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს, უკრაინის ტერიტორიების მოსალოდნელ ანექსიაზე საპასუხოდ.
"მინდა ამ საკითხისადმი აშშ-ის დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ გამოვხატო. შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტურად ცრუ. შედეგები მომზადდა მოსკოვში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი სიტყვებით, პუტინის იმპერიალისტური ამბიციები ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაეროს ძირითად პრინციპს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ "არც ახლა და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმების ლეგიტიმურობას თუ შედეგებს", ხოლო გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ ანექსირება იქნება "სახიფათო ესკალაცია", რომელიც ძირს გამოუთხრის სამშვიდობო პერსპექტივას.
მანამდე კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას "რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების" საკითხზე. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.
უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა პუტინმა განკარგულებებით აღიარა 30 სექტემბერს, გამთენიისას, რაც არის შუალედური ნაბიჯი იმისთვის, რათა რუსეთმა უკრაინის ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირება მოახდინოს.
ეს განკარგულებები მსგავსია ნაბიჯებისა, რომლებიც პუტინმა გადადგა ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინ.