რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. ეს დღე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნება. 1993 წლის 30 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ კონტროლი დაამყარა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა.
„ძვირფასო ასლან გეორგიევიჩ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავამყაროთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელი სპექტრი ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
პუტინმა ბჟანიას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს კი - მშვიდობა და კეთილდღეობა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაში საუბარია "აფხაზეთის კეთილდღეობისთვის გაერთიანების" აუცილებლობაზე.
„413 მძიმე და საშინელი დღე გაგრძელდა აფხაზი ხალხის სამამულო ომი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები. განუზომელი და შეუფასებელია აფსნის დამცველთა გმირობა. ჩვენი უშიშარი მეომრების გმირობის წყალობით, აფხაზეთი გადაურჩა გენოციდსა და განადგურებას. აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, სამშობლოს დასაცავად წამოიმართნენ ჩვენი თანამემამულეები, მუჰაჯირთა შთამომავლები. ცალკე მინდა გამოვყო ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები - აფხაზეთს ყოველთვის ემახსოვრება აირების, ყაბარდოელების, ჩერქეზების, აბაზინების, ჩეჩნების, ოსების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა ხალხების წარმომადგენლების სიმამაცე“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, აფხაზეთის არმიის რიგებში ასევე უშიშრად იბრძოდნენ „რუსეთის სამხრეთელი კაზაკები, მოხალისეები რუსეთის სხვა რეგიონებიდან, დონბასის და დნესტრისპირეთის სანაქებო შვილები“.
„გამარჯვების დღე არის თვალცრემლიანი დღესასწაული. ვიხსენებთ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც მამაცურად დაიღუპნენ მომავალი თაობისთვის. ჩვენ მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა ჩვენი სამშობლო, სამუდამოდ ვალში ვართ. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ აფხაზეთის კეთილდღეობისთვის. მხოლოდ ერთად აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს - თავდაჯერებულ მომავალს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა ბჟანიამ.
ომმა აფხაზეთში 13 თვესა და 13 დღეს გასტანა. 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების შემდეგ სოხუმი დაეცა. დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა კაბინეტის 27 თანამშრომელი.
30 სექტემბრისთვის აფხაზურმა მხარემ კონტროლი დაამყარა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა. აფხაზეთი დატოვა დაახლოებით 300 ათასმა ეთნიკურად ქართველმა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 14 000 ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად ოკუპირებულად გამოაცხადა.