მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ დნეპრზე პარასკევს ღამით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, დაზიანდა საცხოვრებელი კვარტლები და სატრანსპორტო საწარმო. სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება ნიკოლაევის ადმინისტრაცია. ინფორმაციის თანახმად, ჩამოინგრა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, იყოს ხალხი.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაცია იტყობინება ჰუმანიტარულ კოლონაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ: დაიღუპა 23 ადამიანი. 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დნეპრზე სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა ერთი და დაიჭრა 5 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი კვარტლები და სატრანსპორტო საწარმო.
დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა დააზუსტა, რომ ავტოსატრანსპორტო საწარმოზე თავდასხმა ისკანდერის ტიპის რაკეტით განხორციელდა.
"ქალაქში დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი, გიმნაზია, მაღაზია და ადმინისტრაციული შენობა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.
ადგილობრივი საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის არმიამ ნიკოლაევის რაიონზე სამჯერ მიიტანა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, „გრადის“ და სხვა მძიმე საარტილერიო საშუალებებით.
რეზნიჩენკოსვე სიტყვებით, დნეპრზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის ორი ბავშვი - 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგო.
ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ხუთშაბათს, ღამით, ნიკოლაევის ოლქში აფეთქების ხმა შვიდჯერ გაისმა. მათ შორის ორი ქალაქს მიღმა. მისი სიტყვებით, ორი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
„სერიოზული დაზიანებაა, ნანგრევებში ხალხია“, - წერს კიმი.
ზაპოროჟიეს მთავრობა ოლქიდან გამავალ ჰუმანიტარულ კოლონაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება: „ხალხი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის რიგში იდგა, ნათესავები რომ გაეყვანათ და დახმარებოდნენ“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა.
მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი და დაშავდა - 28.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ დაწერა, რომ ნოკოლაევსა და ოდესაზე იერიში განხორციელდა კამიკაძე დრონებით. მისი მონაცემებით, ოდესის სიახლოვეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ სამი უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.