Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემაზე განცხადებები, ფაქტობრივად, არაზუსტია" - დეგნანი


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემაზე, "სავსეა ფაქტობრივი უზუსტობებით". ამით ელჩი ჟურნალისტებთან კომენტარში გამოეხმაურა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის "მრავალმილიარდიანი პაკეტის" შეთავაზებაზე.

"ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემაზე, სავსეა უზუსტობებით, ფაქტობრივად არაზუსტია.

ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს მოვუწოდეთ, შეძლებისდაგვარად გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და მისი, როგორც ერის თავისუფლებისთვის. თავიდანვე ცხადად აღვნიშნეთ, რომ ეს თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რა კუთხით დაეხმარება უკრაინას.

ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე. აშშ-ს არ სურს საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ჩართვა ამ ომში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა ელჩმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 28 სექტემბერს "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ აშშ-მ საქართველოს მთავრობას მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

"უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს "ლენდლიზებიდან" დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმით საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას.

უფრო მეტიც, როცა უკრაინელი მფრინავები გადამზადებაზე წაიყვანეს, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადებაც. ამ ყველაფერზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ". ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ გადადგა.

მე არ ვიცი, დაადასტურებს თუ არა ამას ამერიკული მხარე, ალბათ, გაუჭირდება, მაგრამ დრო მოვა, ამას ღიად დაადასტურებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადებას "ქართული ოცნებიდან" გასული ოთხი დეპუტატი გამოეხმაურა და აშშ-ის საელჩო ისევ "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, ამაზე საელჩომ ოპოზიცია, კერძოდ, "გამორჩეული ფავორიტები" აალაპარაკა.

XS
SM
MD
LG