Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიციელებს აეკრძალათ მობილიზაციის პერიოდში ქვეყნის დატოვება


რუსეთის პოლიციელებს მობილიზაციის პერიოდში აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. ამის შესახებ საინტერნეტო გამოცემა „47news.ru“ და გამოცემა „ბაზა“ იტყობინებიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ორმა წყარომ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციას დაუდასტურა ეს ინფორმაცია.

ლენინგრადის პორტალის ცნობით, უცხოეთში გამგზავრება პოლიციელებს თავისი ბრძანებულებით აუკრძალა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა. აკრძალვა არ მოქმედებს, თუკი ბილეთები ნაყიდი იყო 21 სექტემბრამდე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების დღემდე. „ბაზის“ თანახმად, ბრძანებულებას ხელი მოეწერა 23 სექტემბერს.

გარდა ამისა, პოლიციელები, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოსთან წვდომა აქვთ, ვალდებული არიან, ჩააბარონ თავიანთი სამგზავრო პასპორტები.

„ბაზა“ ასევე იტყობინება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს რუსეთიდან გასვლაზე უარი უთხრეს მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთები მობილიზაციის გამოცხადებამდე ჰქონდა ნაყიდი.

ადრე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, ემოგზაურათ 13 ქვეყანაში, მათ შორის დსთ-ს წევრ ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ვიეტნამში, კუბასა და ჩინეთში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG